პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ეს საშუალებას მისცემს ახლადშექმნილ დეპარტამენტს, რომ გააკონტროლოს სამინისტროების, სსიპ-ების აიპ-ების და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების ეფექტიანობა.
„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს ახლადშექმნილ დეპარტამენტს, რომ გააკონტროლოს სამინისტროების, სსიპ-ების აიპ-ების და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების ეფექტიანობა. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დამტკიცების დროს, გუნდმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მაქსიმალური კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთი რეფორმა გატარდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მკაცრად უნდა მოხდეს გადასახადების გადამხდელთა სახსრების, იგივე საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კონტროლი. დღეს ჩვენ ამ თემაზეც გვქონდა საუბარი უმრავლესობის ფორმატში თანაგუნდელებთან და არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას გუნდის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.