დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შევეხეთ კრიზისების საკითხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიო წესრიგი იცვლება და ჯერ კიდევ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საბოლოო ჯამში როგორი მსოფლიო წესრიგი უნდა ჩამოყალიბდეს და საბოლო ჯამში როგორ მოეწყობა თანამედროვე მსოფლიო. ვინაიდან ჩვენ დღეს ვუყურებთ, რომ სახელმწიფოები პატივს აღარ სცემენ საერთაშორისო წესრიგს, უხეშად ხდება ხელყოფა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების, მიმდინარეობს ომები და ასე შემდეგ. საუბარი შეეხო ასევე უკრაინის კრიზისს, რომელსაც აქვს პირდაპირი გავლენა არამხოლოდ ევროპის უსაფრთხოებაზე, არამედ მთელი მსოფლიოს წესრიგზე.
მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ისრაელში განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი, ეს კონფლიქტი და საბოლოოდ დამყარდეს და აღდგეს მშვიდობა, სტაბილურობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დავოსში გაიმართა დახურული ვახშამი, სადაც საქართველოს დიდი დრო დაეთმო.
„გუშინ, საღამოს ვესწრებოდით ვახშამს, რომელიც მიეძღვნა უშუალოდ ევროპის მომავალს და ევროპის მომავალში იგულისხმება, რა თქმა უნდა, საქართველოც, რადგან ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა. მათ წარვუდგინე ჩვენი ხედვა. საქართველოს დაეთმო განსაკუთრებული დრო დახურული ვახშმის ფორმატში და ყველამ ერთხმად აღიარა ის პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ. ყველასგან ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ მოლოცვები“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მოისმინეს შეფასებები მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების, ექსპერტების მხრიდან.
„წელს მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს ეკონომიკა გაიზრდება 3%-ით. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ეკონომიკის სწრაფ ზრდას, რომელსაც ასევე ექნება გადამდები ეფექტი სხვა დანარჩენ რეგიონებზე და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე. ჩინეთთან მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან წარმატებული ურთიერთობა. გასულ წელს, იცით, რომ ვიყავი ვიზიტით ჩინეთში და შევთანხმდით და სტრატეგიულ დონეზე ავიყვანეთ ჩვენი პარტნიორობა. ჩინეთთან, ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ყველა ევროპული სახელმწიფო, მთლიანად ევროკავშირიც დაინტერესებულია, რომ მოხდეს გაღრმავება ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობების. ამიტომ ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ, განვავითაროთ ქვეყნის ეკონომიკა, დავძლიოთ ის სირთულეები, რომელიც ჯერ კიდევ არის, იქნება ეს სიღარიბე თუ უმუშევრობა, კიდევ უფრო მეტად შევამციროთ. მეტი სწრაფი განვითარება სჭირდება ქვეყანას. რა თქმა უნდა, მშვიდობა და სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. მოგეხსენებათ, რომ შარშან იყო რეკორდული წელი ამ მხრივ და ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.