ნამდვილად არ არის საინტერესო ოპოზიციის, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები, ჩვენთვის მთავარია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელმოცარული ოპოზიციის უსუსური მცდელობა, რაღაც ახალი შესთავაზონ საზოგადოებას, არის სიცრუე.
„ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ხალხმა იცის, ვის რა წარსული აქვს. კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში. არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის, საბოლოო ჯამში კი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან ახალი „ნაცმოძრაობის“, როგორიცაა მაგალითად ხაზარაძის გაერთიანება, ან სხვა პატარა ლუზერების. ისინი ცდილობენ, გაერთიანდნენ და ამით გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.