დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60 პროცენტს აიღებდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, მაქსიმალური შედეგისთვის, რომელიც სჭირდება ქვეყანასა და ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60 პროცენტს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ისევ ჩვენს ხალხს, რათა გაგრძელდეს ეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ემზადება „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის და როგორ შეაფასებს ოპონენტების გეგმებს არჩევნებისშთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა:
„რაც შეეხება ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას და მათ უსუსურ მცდელობას, რაღაც ახალი შესთავაზონ საზოგადოებას, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. ეს არის ტყუილი და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და იციან, ვის რა წარსული აქვს, კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში. არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის და საბოლოო ჯამში კი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან „ახალი ნაციონალური მოძრაობის“. მაგალითად, როგორიცაა ხაზარაძის გაერთიანება, ან სხვა პატარა ლუზერების, რომლებიც ცდილობენ, გაერთიანდნენ და ამით გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი.
ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო ოპოზიციის, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები. მთავარი ჩემთვის არის ის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.