„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მასთან სახლში მივიდნენ და გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით უწყება დაუტოვეს.
გიორგი ვაშაძემ ფეისბუქლაივში განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ვაშაძე ამბობს, რომ კრიმინალური პოლიცია ნამდვილ კრიმინალს უნდა ებრძოდეს.
„მოვიდნენ, რაღაც უწყება უნდა გადმოგცეთო. მეგობრებო, ვიბრძვით ბოლომდე, ძალა ერთობაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ადამიანებს ყველას საჯაროდ ექნებათ ბოდიში მოსახდელი იმაზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. ყველა ახალგაზრდას, ყველას უფლებას დავიცავთ და ყველანი ვიქნებით ერთიანი, რეჟიმი სუსტდება, რეჟიმი მარტივად დასამარცხებელია, წინ ერთიანობით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.