"ძალადობის ახალ ეტაპს, რასაც ჩვენ ველოდით თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან, ვუპირისპირებთ ერთიანობას", - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერების კონსულტაციების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ახლა საჭიროა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო დაუმორჩილებლობა/გაფიცვა მოხდეს და ხალხმა "ოცნება" ერთიანი ბრძოლით დაასრულოს.

"ძალადობის ახალ ეტაპს, რასაც ჩვენ ველოდით თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან, ვუპირისპირებთ ერთიანობას. დავიცავთ ყველა ახალგაზრდას ყველა მექანიზმით. დარწმუნებული ვარ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ. რაც მთავარია, ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ არა მხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა/გაფიცვა მოხდეს მთელს საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც ყველამ კოორდინირებულად უნდა შევასრულოთ. სულ რომ ყველა დაგვიჭირონ, მზად უნდა ვიყოთ, ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.