ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა იყოს ჩვენი ქმედებები ქვეყნის შიგნით, ჩვენი მთავარი სამიზნე არის ძალმომრეობითი სამართალდამცავი სისტემის ჩამოშლა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსაზრება, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ჩიხიდან.

„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ვისაუბრეთ საგარეო ასპარეზზე რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ერთობლივად. ჩვენი ამოცანაა, კოორდინაცია პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტულ ჯგუფებს, საზოგადოებას შორის, რათა უფრო და უფრო მძლავრი იყოს წინააღმდეგობა, რომელსაც ვუწევთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას. დღეს მიღწეული მიზანი ისაა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმს აღიარება არ აქვს, და რაზეც ვიმუშავებთ ერთობლივად, არის, რომ, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, სხვა სახელმწიფოებშიც მოხდეს სანქცირება იმ ადამიანების, რომლებიც აყალბებენ ქართველი ხალხის ნებას. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და შეთანხმებაა იმაზე, რომ მუდმივად გავცვლით მოსაზრებებს საქართველოში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ყველა სპეციალისტს, ექსპერტს, ვინც აქ არიან, აქვთ ძალიან კარგი კონტაქტები და მოსაზრებები, როგორ უნდა გამოვიდეთ ჩიხიდან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ საქართველოს ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უშველის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.