„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით მიიღო ფურცელი, თუმცა, გამოკითხვაზე და მისვლას არ აპირებს.
ვაშაძის თქმით, ქვეყანაში ძალადობის მთავარი ორგანიზატორები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არიან და საგამოძიებო ორგანომ სწორედ ისინი უნდა დაიბაროს გამოკითხვაზე.
„ბატონ გომელაურს მივმართავ, დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც არიან ამ ძალადობის მთავარი ორგანიზატორები? ისინი გასცემენ პოლიტიკურ დავალებას, რომლის გამოც სპეცნაზი თავ-პირს ამტვრევს ადამიანებს. ისინი, ეს თავად „ტიტუშკები“, აორგანიზებენ „ტიტუშკების“ ჯგუფებს, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს. ამიტომ, მე ველოდები თქვენგან პერსონალურად პასუხს. ამის შემდგომ მიიღებთ ჩემგან პასუხს. ჯერ ველოდები თქვენს პასუხს ამ კონკრეტულ საკითხზე. ამ ფურცლების გამოგზავნას შეეშვით. ამ ფურცლების ადრესატი გითხარით, ვინც არიან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.