ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოში აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ მიწვევის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, კიდევ ერთი ფაქტი გაირკვა, რომ ეს ხალხი პირდაპირ ღიად ღალატობს ჩვენს ქვეყანას.
„რაც შენს ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების თვალსაზრისით და სადაც ჩვენ გვჭირდება ამ უსაფრთხოების მოპოვება, ანუ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან უარი თქვეს ამ თემაზე საუბარზე ნატოს სამიტის წინ. ეს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ჩვენი ქვეყნის უტიფარი ღალატის მორიგი დადასტურებაა.
ამის გაკეთებას ცდილობენ მშვიდობის დროშის დაცვის ქვეშ მაშინ, როცა სინამდვილეში ყველა მისი ნაბიჯით საქართველოს რუსეთთან პირისპირ დარჩენისა და სისხლისღვრისთვის წირავენ. ერთადერთი ომის პარტია ივანიშვილის პარტია, „ქართული ოცნებაა და ამიტომაა აუცილებელი მათთვის დემოკრატიულად წერტილის დასმა და ძალაუფლებიდან ჩამოშორება“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.