მთავარი პრობლემა არის ის, რომ „გამჭვირვალობის“ კანონის მიღებით, სურთ დაპირისპირება იმ სამყაროსთან, რომელიც ჩვენი ბუნებრივი წიაღია და რომელიც ჩვენ მტრისგან თავის დასაცავად გვჭირდება. რუსეთის წინაშე მარტოებს გვტოვებენ, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „პალიტარნიუსღან“ განაცხადა.
„არ მიყვარს სიბნელეში ხელების ფათური, როცა ბიძინა ივანიშვილის ფსიქოლოგიაზეა საუბარი, მაგრამ მისი სტრატეგიაა, რომ სულ შეტევაზე იყოს. ეს საკითხიც მისი მავნებლური მოღალატეობრივი ხაზის ნაწილია. რა თქმა უნდა, სიცრუეა, როცა ამბობენ, რომ ეს კანონი მსგავსია იმისა, როგორიც ეს ცივილიზებულ სამყაროში არის.
ეს კანონი რომც არ მიიღონ, ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენი ეროვნული ამოცანის შესრულება შეუძლებელია. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოების დემორალიზება არ დავუშვათ, რათა ამ ხელისუფლებას უკან დავახევინოთ, მნიშვნელობა არ აქვს რა გზით.
მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ კანონის მიღებით მათ ფსიქოლოგიურად თუ ფორმალურად, სურთ იმ საქმის შეზღუდვა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება. სურთ დაპირისპირება იმ სამყაროსთან, რომელიც ჩვენი ბუნებრივი წიაღია და რომელიც ჩვენ მტრისგან თავის დასაცავად გვჭირდება. რუსეთის წინაშე მარტოებს გვტოვებენ. დასავლეთში ჩვენი ინტერესების აქტიური ლობირების მაგივრად, პოზიციონირებენ ისე, რომ თითქოს დასავლეთი ჩვენთვის ისეთივე მტერია, როგორც რუსეთი ან მასზე მეტიც კი. ის ხალხის, ვინც ივანიშვილმა საკუთარი თავის გარშემო შემოიკრიბა, ჩვენთვის უზარმაზარი ზიანის მომტანი ჯგუფი არიან. მათ მთელი კამპანია ტელევიზიასა და სოციალური მედიაში აგებულია იმაზე, რომ ისინი ებრძვიან უცხოური ქვეყნების აგენტურას. თითქოს ეს არის აგენტურა, რომელსაც ომი და ქართული იდენტობის დანგრევა უნდა. სიმართლე არის ის, რომ აგენტურ საქმეს ეს ხელისუფლება აკეთებს. თუ გვინდა აგენტურა ჩვენი ქვეყნის მტრების სინონიმად გამოვიყენოთ, მაშინა ასეთი არის ის, ვისაც უნდა, რომ ეროვნული მეხსიერება წაგვიშალოს და აგენტია ის, ვინც მტერსა და მოყვარეს ერთმანეთში ურევს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.