ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსების გაზრდას გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მთავრობა ფულს საპატრიარქოს ან ნებისმიერ სხვა ჯგუფს კი არ უნდა აძლევდეს, უნდა უტოვებდეს მშობლებს ვაუჩერის სახით და შემდეგ მშობლები უნდა წყვეტდნენ, თუ რომელ სკოლაში უნდა წასვლა და რომელში არა.
„სახელმწიფოს ფუნქცია უნდა იყოს მხოლოდ იმ მინიმალური ზღვრის დაცვა, რომ ბავშვები ფუნდამენტურ განათლებას იღებდნენ და ამის შემდეგ უკვე მხოლოდ მშობლების გადასაწყვეტი უნდა იყოს, რომელ სკოლასთან ან თუნდაც რელიგიურ ორგანიზაციასთან დააკავშირებენ მათი შვილების განათლებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის, რესურსები, რომელიც გადასახადის გადამხდელების შრომით იქმნება და ბიუჯეტშია, მოქალაქეებს დარჩეთ“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი ფუნქცია, რომლის მთავრობის ხელში რჩება, არის ბავშვების ფუნდამენტური უფლებების დაცვა.
„ამ თვალსაზრისით სწორედ საპატრიარქოს მიმართ არსებობს ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი და ყველაზე მეტი სკანდალური ინფორმაცია, რაც ჩვენ ვიხილეთ მათ ინტერნატში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ