როდესაც ამბობ, რომ ხალხს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და მთავრობა აქ არაფერ შუაში არ არის, ეს არის თვალთმაქცობის პიკი, იმიტომ რომ ერთობის გარეშე არაფერი ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
„ფორმულა, რომ ხალხს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და არა - მთავრობას, არის გაცილებით უფრო საშიში ფორმულა ვიდრე - არ მივცეთ საქართველოს სტატუსი ყოველ შემთხვევაში [ხელისუფლების] ცვლილებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს მოუწოდებ, რომ შენსა და სტატუსს შორის არის მთავრობა, რომელიც უნდა მოიშორო. არცერთ მიტინგზე ეს თემა არ ყოფილა ჩაგდებული, გახსოვთ გვარებით, ვინ როგორ ლაპარაკობდა ამაზე და ვინ საუბრობდა ამაზე პარლამენტში. როდესაც ამბობ, რომ ხალხს ეკუთვნის სტატუსი და მთავრობა აქ არაფერ შუაში არ არის, ეს არის თვალთმაქცობის პიკი, იმიტომ რომ ერთობის გარეშე არაფერი ხდება. თუკი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ევროინტეგრაციას მხარს უჭერს, ამაში ლომის წილი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთი მხრივ განიხილო უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს ევროინტეგრაციას მეორეს მხრივ ამ უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალო, რომ რუსეთთან რაღაც საეჭვო გარიგებებში შედის. ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთს არ აქვს საშუალება რომ გვერდი აუაროს სანქციებს. თუკი რუსეთი ამ მიზნით ვერ ახერხებს საქართველოს გამოყენებას, თუკი საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, თუკი საფრთხე რუსეთისგან რეალურია, თუკი ეს გამძვინვარებული, დაუნდობელი ომი მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში საქართველოს თავისი მცირე რესურსებით რას ედავები? რატომ გინდა გამოაჩინო, რომ აქ არის ყველანაირი სიბინძურე დაგროვილი და მას არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი? ამ წლის პირველ ნახევარში 40 მილიარდის მარტო საწვავის იმპორტს ახორციელებს რუსეთი მათ შორის უკრაინის გავლით. რა შეიძლება გინდოდეს ამ პატარა ქვეყნისგან, რას ვაშავებთ - ეკონომიკურ სანქციებს არ ვუწესებთ? ომში არ შევდივართ? და თქვეს, დიახაც - ეკონომიკური სანქციებიც უნდა დავაწესოთ და ომშიც უნდა ჩავერთოთ. არავინ არ თქვას, რომ ეს არ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც უნდათ ხელისუფლების შეცვლა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.