ვფიქრობ, პრეზიდენტი თავის პოლიტიკურ გუნდს ქმნის და ემზადება იმისთვის, რომ პოლიტიკაში თავისი მონაწილეობა უფრო გააფართოოს, - ამის შესახებ გია ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მისთვის სალომე ზურაბიშვილის ბოლო ნაბიჯები მტკივნეულია. მან პრეზიდენტის 26 მაისს წარმოთქმული სიტყვაც გაიხსენა.
„როდესაც შენ შეკრებილ ხალხს, ახალგაზრდებს, რომლებიც გიყურებენ მთავარსარდალს, გზა რომ დაულოცო გმირობისკენ, ეუბნები: „მრცხვენია, რომ თქვენი ხელისუფლება პრორუსულია და გმირების ოჯახებს ბოდიში უნდა მოვუხადო ამისთვის“ და ამას ელჩები უყურებენ, აქ უკვე აღარ რჩება ინტერპრეტაციის საშუალება, რომ იქნებ ადამიანი მართლა წუხს თავის ქვეყანაზე, იქნებ უნდა, რომ გამოაფხიზლოს ვინმე, ვინც მიძინებულია. არ არის ამის არანაირი საფუძველი. ჩემთვის ეს არის ძალიან მტკივნეული, ვინაიდან სისხლითაც მონათესავეები ვართ და არც თუ ცუდი ურთიერთობა გვქონდა წარსულში. მაგრამ არსებობს რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.