თამარ კორძაია პრეზიდენტის პოზიციას როდესაც ახმოვანებს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან შეიძლება, პრეზიდენტმა მეორე წუთს სხვა პოზიციის, მიდგომის შესახებ განაცხადოს, იმის მიხედვით, რას მოილაპარაკებს მოკავშირე პარტიებთან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკი გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებას, სადაც კორძაიამ აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დროებით შენარჩუნება მძიმე მდგომარეობაში აყენებს ეროვნულ ბანკსაც, ამიტომ ეს არის ზეწოლის კიდევ ერთი მექანიზმი, თურნავამ ბრძანება გააუქმოს“.
გია ვოლსკის თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობის შეფერხება სერიოზულ გავლენას ახდენს საბანკო-საფინანსო სისტემებზე.
„ვინაიდან პრეზიდენტს ნათქვამი აქვს, თუნდაც იმ ფორმატში, სადაც კორძაია იმყოფებოდა, ე.ი. არსებობს იდეა, რომ ასეთი საბოტაჟური მიდგომით ხელი შეუშალოს ეროვნულ ბანკს მუშაობაში და ეს არც არასდროს დაუმალავს. ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობის შეფერხება, მისი რყევა თუნდაც საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, კანდიდატების წარდგენა და შემდეგ უკან გაწვევა სერიოზულ გავლენას ახდენს საბანკო-საფინანსო სისტემებზე, რაც უკავშირდება ვალუტის კურსსაც, ფასებსაც. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რათა საზოგადოებაში დესტაბილიზაციის განცდა უფრო გამწვავდეს და, შესაბამისად, დარტყმა მიაყენოს ჩვენს საბანკო სისტემას. ჩვენ მყარად ვდგავართ, რეზერვები საკმარისია, საკმარისზე მეტია და, ვფიქრობ, ეს ძალიან ადარდებთ, ანაღვლებთ რევოლუციური კომიტეტის წევრებს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილიც აღმოჩნდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.