თამარ ჩუგოშვილი კონსტიტუციის ერთერთი ავტორია. მიჭირს წარმოდგენა, თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას როგორ დაასაბუთებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა
მისივე თქმით, სასამართლო სხდომაზე პრეზიდენტის მხარის პოზიცია იქნება, რომ კონსტიტუციის დარღვევას პოლიტიკური კონტექსტი აქვს.
„როგორც წინასწარი განცხადებებიდან ჩანს, ვფიქრობ, პრეზიდენტის მხარის პოზიცია იქნება, რომ კონსტიტუციურ დარღვევას დიდი პოლიტიკური კონტექსტი აქვს. არ ვიცი, როგორ შეიძლება, ეს დარღვევა უარყონ, რადგან მსგავსი განცხადებები უკვე გაკეთებულია. არც არავინ მალავს, რომ კონსტიტუცია დარღვეულია, თითქოს ეს სახელმწიფო ინტერესებისთვის გაკეთდა. სახელმწიფოს ინტერესებისგან სერიოზული გადაცდომებია პოლიტიკურ კონტექსტშიც, რაც ერთხელ უკვე გამოიხატა, როცა ლატვიის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, იმის მიუხედავად, რომ ავტორიტეტული ორგანიზაციები ამბობენ, რომ საქართველოში „შავი ხვრელები“ არ არსებობს და რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდების საშუალება არ აქვს. ლატვიის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ეს მიგვანიშნებს, რომ ფორმულა, რასაც სთავაზობდა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რეალობასთან შეუსაბამოა. დამოკიდებულება, რომ სტატუსი ეკუთვნის ხალხს და არა მთავრობას, არასწორია. პრეზიდენტი სწორედ ამ ფორმულით დაიარებოდა. პრინციპს აქვს მნიშვნელობა, როცა უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან კონსტიტუცია უხეშად ირღვევა, ეს ნიშნავს ისეთი ვითარების ხელშეწყობას, რასაც რადიკალური ოპოზიცია ამკვიდრებს, რომ ქვეყანაში წესს, კანონს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა ნორმალურია. პარლამენტში პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ამ ტრენდებს არ უნდა შეეგუოს.
თამარ ჩუგოშვილი ერთერთი ავტორია კონსტიტუციის, სადაც წერია, რომ მთავრობასთან შეუთანხმებლად პრეზიდენტს ვიზიტების საშუალება არ უნდა ჰქონდეს. კონსტიტუციის ასეთი დაზიანება წარმოუდგენელია და მიჭირს წარმოდგენა, თამარ ჩუგოშვილი თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას როგორ დაასაბუთებს. მაინც ვფიქრობ, რომ წინ წამოწეული იქნება პოლიტიკური კონტექსტი, ვითომდა სახელმწიფოს ინტერესებით. სალომე ზურაბიშვილს იგივე ლატვიის ლიდერებთან შეხვედრა ღირსების საგნად თუ მიაჩნდა, ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანოსთან შეხვედრას თაკილობს. ამ შემთხვევაში, ღირსება უფრო მაღალი კატეგორიაა, ვიდრე ამპარტავნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.