საზოგადოების ინტერესია, არა ხელისუფლების უპირობო დადანაშაულება, ან გამართლება, არამედ ჭეშმარიტების დადგენა, დაღუპულთა სულების, ჭირისუფლების და თუნდაც ჩვენი მომავლის სახელით - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გახარიას ერთ რამეში ვეთანხმები, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად რიგგარეშე სესიის მოწვევა არასწორია.
ჯობია, ეს საკითხი საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე, სექტემბრის დასაწყისში იყოს განხილული. მანამდე დაიცლება ორივე მხარე და შესაძლებელი იქნება პროფესიული, საგნობრივი საუბრის დაწყება.
მანამდე ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან უნდა მოხდეს საზოგადოების სრული კონსოლიდაცია სიმართლის დადგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით ყოველგვარი წინასწარი დათქმების, სპეკულაციების და ურთიერთბრალდებების გარეშე.
საზოგადოების ინტერესია არა ხელისუფლების უპირობო დადანაშაულება, ან გამართლება, არამედ ჭეშმარიტების დადგენა, დაღუპულთა სულების, ჭირისუფლების და თუნდაც ჩვენი მომავლის სახელით.
მოთხოვნა უნდა იყოს მკაცრი და შეუვალი. კენჭისყრის დროს პარლამენტის წინ უნდა დადგეს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც შოვის ტრაგედია არ იყო ერთ-ერთი რიგითი, გადასაგორებელი პრობლემა და რომელიც დღესაც ჭირისუფალია.
სახელმწიფოებრივი ლოგიკით ეს პროცესი ხელისუფლების ინტერესებშიც უნდა შედიოდეს და თუ დავინახავთ, რომ ეს ასე არ არის, მათ უნდა ნახონ, თუ რას ნიშნავს გაბრაზებული, ჭირისუფალი საქართველო, რომელიც ითხოვს სამართალს.
მანამდე გახარიას ჯგუფსაც გაუქრება ილუზია, რომ ვინმე მათ კითხვებზე დამაჯერებელ პასუხებს გასცემს და შესაბამისად მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში, იმედია სწორ მხარეს.
ბოლოს კი მინდა ვთხოვო - ნუ მოიხსენიებენ შოვის ტრაგედიის შემსწავლელ კომისიას ნაცების ინიციატივის კონტექსტში, ჯერ იმიტომ, რომ ეს მათი ინიციატივა არ ყოფილა და გარდა ამისა მეტი პატივი უნდა სცენ დაღუპულთა სულებს და ჭირისუფლებს და ნუ დაიყვანენ ამ პრობლემას ვიწრო პარტიული თამაშების დონეზე“,- წერს ხუხაშვილი.