ორ შაურად რომ იყიდებიან, ისინი ლაპარაკობენ გიორგი მარგველაშვილზე, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და მასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის და მეც ვიცი, რომ ისეთი წესიერი ადამიანის პოვნა, როგორც გიორგი მარგველაშვილია, ძალიან ძნელია. ის იყო პრეზიდენტი, ჰქონდა უზარმაზარი შესაძლებლობები. მეც მქონდა. დღე არ გადიოდა, რომ 11 000 დოლარი კი არა, ასჯერ მეტი შეთავაზება არ მიგვეღო. არც მე და არც გიორგის ერთი თეთრისთვის ხელი არ მოგვიკიდებია. ეს ყველამ იცის, ბიძინამ იცის ყველაზე კარგად და ამიტომ მიაჩნია გიორგი მარგველაშვილი მთავარ საფრთხედ, ალბათ, მეც. ჩვენი კომპრომეტაცია, ჩვენი გასვრა ვერ მოახერხა და ახლა ბინძური კამპანია დაიწყეს ორ შაურად გაყიდულმა ადამიანებმა.
რაღაც ხელმოსაკიდი იპოვეს სადღაც, გამოვიდნენ, დაეწყვნენ და ეს ნაძირალობა აფრქვიეს, მეტი არაფერიო. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ტექნოლოგია“, - განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, ქვეყანაში შექმნას სიტუაცია, რომ „არ არსებობს წესიერი ადამიანი, ყველა მექრთამეა“ და „ნუ გექნებათ ნურავის და ნურაფრის იმედი“.
„გიორგი მარგველაშვილის კომპრომეტირება ნიჰილიზმისა და სკეპტიციზმისთვის სჭირდება, რომ ადამიანები ფიქრობდნენ: ყველა ნაგავი და უვარგისია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.