ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
"უკვე 35 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოხატა თავისი პოზიცია და მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც არის 70 პროცენტზე მეტი. აქტიურობა არის ძალიან მაღალი, რაც მეტყველებს, რომ პარტიის წევრებს უნდათ ცვლილება, უნდათ რომ პარტია უძრაობიდან გადავიდეს მოძრაობაზე და გახდეს აქტიური.
ეს ეყრდნობა იმ მონაცემებს, რაც ჩვენ გვაქვს რაიონული ორგანიზაციებიდან, კვლევებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოლება ახალი თავმჯდომარე პირველივე ტურში. თავმჯდომარე, რომელიც იზრუნებს პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე. რაც შეეხება ტექნიკურ ხარვეზებს, არსებობს მცირე ტექნიკური პრობლემები, ჯერჯერობით ამერიკული კომპანია ახერხებს გაუმკლავდეს. კომისია აქტიურად მუშაობს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი პოზიცია. არჩევანის გაკეთება არის ძალიან მარტივი, ის ვინც კმაყოფილია პარტიის მუშაობით, მრავალათასიანი მიტინგები ისე დაიშალა, რომ სტრატეგია არ იყო შექმნილი, ის ვინც კმაყოფილია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ახლა მოწამლულია და იბრძვის სიცოცხლისთვის, ის ბუნებრივია, აირჩევს ძველ მენეჯმენტს, ძველ თავმჯდომარეს. ის, ვისაც სურს ცვლილება, ვისაც უნდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ, ბუნებრივია, აირჩევს ლევან ხაბეიშვილს. ლევან ხაბეიშვილს აქვს სწორი პოზიცია, ის ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ, მეორე დღესვე უნდა მოხდეს გაერთიანება, რომ მიხეილ სააკაშვილო გადაყვანილ იქნას სამკურნალოდ უცხოეთში. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. პარტია გამოვა უფრო ძლიერი ამ პროცესიდან, ვიდრე იყო ადრე“, – განაცხადა შაშკინმა.