საქართველოს პარლამენტმა, 2000 წელს 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, გამოაცხადა.
"14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე აღინიშნება. ეს დღე კიდევ ერთხელ ახსენებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს შშმ პირთა უფლებების სრულფასოვანი დაცვა, თანასწორი შესაძლებლობები და ინკლუზიური გარემო. ამასთან, მისი მიზანია საზოგადოებაში შშმ პირთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტიგმისა და სტერეოტიპების შემცირება.
მიუხედავად ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ქვეყანაში კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა, რომელიც თანმიმდევრულ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს. მათ შორის, კვლავ აქტუალურია შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასების სამედიცინო მოდელიდან ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლის პროცესის სრულყოფილად განხორციელება და პრაქტიკაში მისი ეფექტიანი დანერგვა. ასევე, შემდგომ გაძლიერებას საჭიროებს შშმ პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებითი და ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნილი მექანიზმები, რათა შშმ პირებს რეალური შესაძლებლობა ჰქონდეთ გავლენა მოახდინონ მათ უფლებებსა და ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შშმ პირებისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების სრულფასოვანი რეალიზება. მათი ნაწილი დიდ რეზიდენტულ დაწესებულებებში ცხოვრობს, ხოლო არსებული ალტერნატიული სერვისები შემდგომ განვითარებას საჭიროებს, რათა უფრო ეფექტიანად შეუწყოს ხელი სოციალურ ინკლუზიასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას. გამოწვევად რჩება ასევე საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო სერვისების სიმწირე, მათი არასაკმარისი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული ხანგრძლივი მოლოდინის პერიოდები, განსაკუთრებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და ზრდასრული შშმ პირებისთვის. ამასთან, პერსონალური ასისტენტის სერვისი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, რაც შშმ პირთათვის ამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მექანიზმის თანაბარ ხელმისაწვდომობას ზღუდავს.
შშმ პირთა უფლებების სრულფასოვან რეალიზებას ფიზიკური გარემოს, ინფორმაციისა და სხვადასხვა სერვისის მისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევებიც აფერხებს. ამ კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მისაწვდომობის ეროვნული გეგმის დამტკიცება, რაც დღემდე არ განხორციელებულა.
შშმ პირები ჯანდაცვის სფეროში კვლავ აწყდებიან სხვადასხვა სახის სისტემურ, სამართლებრივ, ფინანსურ, ფიზიკურ და დამოკიდებულებით ბარიერებს, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათთვის ხარისხიან და საჭიროებებზე მორგებულ სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.
ქვეყანაში ასევე, მწვავედ დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები. ამასთან, ზედიზედ მეორე წელია არ არის დამტკიცებული ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმა, რაც უარყოფითად აისახება სისტემურ განვითარებასა და არსებული პრობლემების ეფექტიანი გადაჭრის პროცესზე.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ დღის მნიშვნელობას და პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები არსებული სისტემური გამოწვევების დასაძლევად, რათა შშმ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, სხვათა თანასწორად ისარგებლონ საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით, ხოლო მათი აზრი მოსმენილი და გათვალისწინებული იყოს." - ნათქვამია საქართველოს საახალხო დამცველი გავრცელებულ ინფორმაციაში.












