ჩემმა მოყვანილმა ხალხმა გადამაყენა. 22 წელი შევალიე ამ პარტიას და თურმე დღეს ჩემზე დიდი "ნაციონალები" არიან და ჩემზე მეტად უყვართ მიშა",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ "აიპრესთან" განაცხადა.

"ჯერჯერობით არ ვაპირებ პარტიის დატოვებას, იქნებ პარტიიდანაც გამრიცხონ, ვნახოთ, ველოდები...
22 წელი შევალიე ამ პარტიას, რა არ გადავიტანე ამ პარტიაში. 2016 წელს დავრჩი მარტო, ჩემმა მოყვანილმა ხალხმა დღეს მე გადამაყენა. ძლივს რომ მომყავდა პარტიაში, ხუთჯერ და ათჯერ რომ ვურეკავდი. ერთი ადამიანი რომ დავრჩი და მეგონა ცა და ქვეყანა ჩამომენგრა თავზე, ახალი პარტია შევქმენი ხელახლა და ძლივს მოვუყარე ამათ თავი და დღეს ჩემზე დიდი "ნაციონალები" არიან და დღეს თურმე ჩემზე მეტად უყვართ მიშა. ორი წელია მე მიშას გვერდით ვდგავარ, იმიტომ კი არა რომ ვინმეს წინაშე ქულები დამეწერა, ამასაც კი კადრულობენ. მე ჩემი სინდისის წინაშე უნდა ვყოფილიყავი მართალი, იმდენი გააკეთა ამ ადამიანმა ამ ქვეყნისთვის, ჭაობიდან, წუმპიდან ამოათრია ქვეყანა და სახელმწიფოდ აქცია. მე ვთვლიდი თავს ვალდებულად მის გვერდით ვმდგარიყავი, "- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ფოთის ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: "მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს". ამის შემდეგ ის და მისი მოადგილე, პაატა ჩაგანავა ფრაქციის წევრებმა კენჭისყრის შედეგად გადააყენეს.