თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი დღეს რუსეთის და ოლიგარქი ივანიშვილის ტყვეა, მე მოვალედ ვთვლი თავს მიშას გვერდით დავდგე, - ამის შესახებ ფოთის საკრებულოს ენმ-ის დეპუტატმა, დარეჯან ცხვიტარიამ "რუსთავი ორის" ეთერში განაცხადა.

"მათ უარი თქვეს დეკლარირებულად პრინციპებზე, საკუთარ წესდებაზე და საკუთარ ისტორიაზე, რამაც პარტიაში დემოკრატიას ძირი გამოუთხარა. ნამდვილად ეს იყო თანამედროვე შულავერის კომიტეტი, რომელიც შეიკრიბა, რა თქმა უნდა, დღევანდელი მენეჯმენტის, თავმჯდომარის და ე.წ. კვიპროსის კლუბის დაუკითხავად ეს არაფერი მოხდებოდა და ბოლშევიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გამათავისუფლეს. რეჟიმთან ბრძოლა დაავიწყდა დღევანდელ მენეჯმენტს და გადავიდა თავის პარტიაში ერთგული ხალხის გაყრაზე.
ქალბატონი წითლიძე გამობრძანდა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და მელიას შორის არჩევანი გააკეთესო, ამაზე მეტი აბსურდი არ შეიძლება ადამიანმა თქვას, ჩვენ ნიკასა და მიშას შორის კი არ გავაკეთეთ არჩევანი, არჩევანი გავაკეთეთ სამართლიანობასა და უსამართლობას შორის და ვინც დღეს დემოკრატიის პრინციპებს იცავს და არის სამართლიანი, ეს არის ნიკა მელია.
ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რომ ორი წელია მიშასთან ვდგავარ ყველა ციხესთან, გორის ჰოსპიტალთან თუ სად, ამას ჩემს მოვალეობად ვთვლი. თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი დღეს არის რუსეთის და ოლიგარქი ივანიშვილის ტყვე. მე მაქვს ვალდებულება, რომ ჩემი თანადგომა გამოვხატო", - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ფოთის ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე პაატა ჩაგანავა ფრაქციის წევრებმა კენჭისყრის შედეგად გადააყენეს.

ცნობისთვის, დარეჯან ცხვიტარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს