ფოთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დარეჯან ცხვიტარია ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მას ლევან ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადება არ აპატიეს. როგორც ის ამბობს, ახალმა თავმჯდომარემ პარტია გაანადგურა და გაანახევრა, რაც მისი გადადგომის მოთხოვნის საფუძველი გახდა.

 "გავაკეთე განცხადება, ლევან ხაბეიშვილის მოსვლის შემდეგ პარტია განადგურდა, განახევრდა, " ოცნების" ნამცეცებით გაავსო პარტია, ასჯერ გადამხტარ-გადმომხტარი ხალხი დააბრუნა პარტიაში და ვინც მართლა ერთგული, სიცოცხლეს რომ გაიღებს სამშობლოსთვის, მხრებით რომ მოიტანა პარტია აქამდე, ის ხალხი ყველა გარიყული გახადა. როგორ შეიძლებოდა ამაზე თვალი გამესწორებინა, არასდროს უსამართლობისთვის თვალი არ გამისწორებია და არც გავუსწორებ, თუნდაც რომ ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს"- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო ხომერიკი აცხადებს, რომ დარეჯან ცხვიტარიას განსხვავებული აზრის მიმართ მიუღებლიბა აქვს და სოციალურ ქსელებში 10 თვეა პარტიის თავმჯდომარეს, თანაფრაქციელებს შეურაცხყოფას აყენებს.

"ადამიანები პირად შეურაცხყოფაზე გადადიან მაშინ, როდესაც არგუმენტები არ აქვთ და სალაპარაკო არაფერი აქვთ. ბოდიში მაგრამ დარეჯან ცხვიტარიას ლექსიკონით ვერ დავიწყებ საუბარს, არც საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც საზოგადოებას. ათი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდა და ათი თვეა ეს ქალბატონი შეურაცხყოფას გვაყენებს სოციალურ ქსელებში, როგორც პარტიის არჩეულ თავმჯდომარეს, ისე მენეჯმენტს და თითოეულ თავის თანაფრაქციელს ფოთში. სულ ვეხმაურებოდით და არანაირი კომუნიკაცია მისი მხრიდან არ ყოფილა. ჩვენ კი არ გვაქვს მისი აზრის მიუღებლიბა, ეს მას აქვს მისგან განსხვავებული ადამიანების აზრის მიუღებლობა. სინამდვილეში რა მოხდა - მისი სრული იგნორიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაგვენაცვლებინა ახალგაზრდა ადამიანით, რომ ახალი ენერგიით დაგვეწყო მუშაობა და ამას მოჰყვა ის რომ მან დაკარგა ხელფასი. ხელფასის დაკარგვის გამო აგვიტეხა ამხელა აჟიოტაჟი, ეს არის სრული სიმართლე"- განაცხადა დათო ხომერიკმა.

შეგახსენებთ, რომ ფოთის ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე პაატა ჩაგანავა ფრაქციის წევრებმა კენჭისყრის შედეგად გადააყენეს.

ცნობისთვის,  დარეჯან ცხვიტარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: მოვითხოვთ  ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს