დღეს ჩვენ თავისუფალი ვართ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წყალობით. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ბრძოლის შედეგად, მოცილებული გვყავს რეჟიმი, მაგრამ ისინი დღეს კვლავ ქუჩაში დგანან, აპირებენ მობრუნებას, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ბესიკ დანელიამ განაცხადა.

ბესიკ დანელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ერთ დღეს 900-მდე ადამიანი დააპატიმრეს, რომელთაგან უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ.

„დღევანდელმა თაობამ და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებმა, რომელთაგან ბევრი მართლა შეცდომაშია შეყვანილი და აქციებზე ვხედავთ, მინდა, იცოდნენ, ვის გვერდით დგანან. დავალებები მოდიოდა უშუალოდ სააკაშვილისგან, მერაბიშვილისგან, გიგი უგულავასგან და ნიკა გვარამიასგან, რომელმაც ჩვენ წინააღმდეგ აღძრა საქმე. თურმე სამშობლოს ღალატის მუხლით ვიდექით ქუჩაში და მოღალატეები ვიყავით, რადგან სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა გვინდოდა. ახალგაზრდებო, მინდა, ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ, მე დღეს ცოცხალი ვარ ღვთის წყალობით, ჯანმრთელი ვარ და დღეს ჩვენ თავისუფალი ვართ „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის წყალობით. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური ბრძოლის შედეგად, მოცილებული გვყავს რეჟიმი, მაგრამ ისინი დღეს კვლავ ქუჩაში დგანან და აპირებენ მობრუნებას. ქვეყნის მტრები, ქვეყნის მოღალატეები, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული აგენტები ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანენ. თქვენ შეიძლება, მაშინ ძალიან პატარები იყავით, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი საერთოდ ბაღში დადიოდა, შეიძლება დაბადებული არ იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ადამიანები, რომელთაგან ბევრი ცოცხალი აღარ არის. 900-მდე ადამიანი დააპატიმრეს ერთ დღეს და უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ. რამდენიმე მათგანმა, ერთ-ერთი იყო ლევან კოტეტიშვილი, გამოშვების შემდეგ ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო საკუთარ სახლში. არ ვიცი, როგორ უნდა მოექცე ახალგაზრდა კაცს ასე. უამრავი ტრაგედია და უბედურება დაგვმართეს. მინდა, ეს ყველამ კარგად გაიაზროს“, – განაცხადა ბესიკ დანელიამ.

ბესიკ დანელიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენები გაიხსენა.

„2006 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა აქციას ვესწრებოდი. ვარ 2007 წლის 7 ნოემბრის დაზარალებული. სპეცრაზმთან ერთად ისე გამისწორდნენ ზონდერები, რომ ორი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი, შეიძლება მეტიც. ასევე ვარ 2009 წლის 26 მაისის დაზარალებული, როდესაც აქციიდან წავედით, გავიგეთ, ახალგაზრდებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ სამმართველოს შენობაში. იმ დღესაც პლასტიკური ტყვიებით, აკრძალული მეთოდებით ისეთ დღეში ჩაგვყარეს, რომ უმძიმესი დღე იყო. ჩემ გვერდით ირაკლი ხომასურიძემ დაკარგა თვალი. მე მომხვდა ერთი ტყვია ყურში, ერთი კისერში, ერთი მუხლში. ეს იყო არნახულად მძიმე დღე. შემდეგ გავეშებული პოლიციელები გამოვარდნენ სამმართველოს შენობიდან ხელში ჯაჭვებით და რკინის ე.წ. ხელკეტით. გამეტებით ურტყამდნენ ხალხს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. ამის შემდეგ იყო ფურცელაძის ქუჩა, სადაც კუდ-ელებმა ექვსი ადამიანი დაგვიჭრეს. ე.წ. ზონდერი სპორტსმენები, რომლებიც ჰყავდა სააკაშვილს, რამდენადაც ვიცი, უშუალოდ გიგი უგულავას ხელმძღვანელობის ქვეშ იყვნენ, ვინაიდან გაფორმებული იყვნენ ქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურში, სადაც იღებდნენ ხელფასებს და ხელფასებს იღებდნენ აქციებიდან ხალხის მოპარვაში, ხალხის ცემაში. ფურცელაძის ქუჩაზეც ასეთი რამ მოხდა, ძირითადად ახალგაზრდები ვიყავით იქ, ასევე იყვნენ 35-40 წლის ხალხიც. ამ დროს მოვიდა 50-მდე ზონდერი, კუდ-ელი და ექვსი ახალგაზრდა დაიჭრა იმ დღეს. ზოგს ლურსმნიანი ჯოხი ჩაარტყეს თავში, ზოგს ე.წ. რაგატკები, ისროდნენ რკინის ბურთულებს. იმის თავში მოხვედრას, სჯობდა, ტყვია მოგხვედროდა“, – განაცხადა ბესიკ დანელიამ.