ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში, სადაც ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდებს შორის, მეოთხე ტურის მატჩები დაიწყო
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის პირველ შეხვედრაში ყინულზე საქართველოს და ტაივანის გუნდები გამოვიდნენ.
პირველ სამ ტურში ორჯერ ძირითად, ერთხელ კი ოვერტაიმში გამარჯვების შემდეგ ჩემპიონატის მოგების და მეორე დივიზიონის A ჯგუფში აღზევების უპირველეს კანდიდატად ქცეულმა საქართველომ საკმაოდ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა მეტოქე და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
საქართველო - ტაივანი 3:1 (2:1, 0:0, 1:0)
შაიბები: 07'02" კონსტანტინ გავრილენკო, 13'00" დანილ მეტლიუკი 2:0, 17'25" 2:1, 46'38" მაკარ ნიკიშანინი 3:1
ბოლო ტურში საქართველო აუტსაიდერს, ტაილანდს შეხვდება და მიუხედავად იმისა, თუ როგორ ითამაშებენ ისლანდიის და ახალი ზელანდიის გუნდები დღეს, შესაბამისად, ტაილანდთან და ბულგარეთთან და ზეგ ერთმანეთთან, პირველ ადგილს დაიკავებს და მეორე დივიზიონის A ჯგუფში თამაშის უფლებას მოიპოვებს ოვერტაიმში მარცხის შემთხვევაშიც კი.
შენიშვნა: მასალის თავდაპირველი ვერსია შეივსო საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის ვებგვერდიდან მიბმული ვიდეოთი