შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

"წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, დაკავებული არიან 1996 წელს დაბადებული გ.მ., 1981 წელს დაბადებული დ.ვ., იორდანიის მოქალაქე 2001 წელს დაბადებული ბ.ა. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული რ.მ., 1991 წელს დაბადებული ჟ.დ.


დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.


სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.