მე რომ პრემიერს ან უმრავლესობის რომელიმე წევრს მონა დავუძახო და ეს მედიამ გააშუქოს, დაჯარიმდება? - ამ ცვლილებაში ნაღმები დევს,- ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მომხსენებელს, დავით სონღულაშვილს.
„რა აუცილებლობა იდგა დაჩქარებული წესით რომ გამოგაქვთ ეს კანონი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვართ პროცესში, როდესაც 12-პუნქტიანი ვალდებულება ჯერ კიდევ შესასრულებელი გვაქვს; როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მხოლოდ სამია შესრულებული; როდესაც ქვეყანაში სხვა უამრავი პრობლემაა, მაგალითად, სკოლებში ბავშვების 35% ჯერ კიდევ შიმშილობს. მაგალითად, პრობლემაა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები მძიმე სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გამო ამ ქვეყნიდან გარბიან. ბევრი სხვა პრობლემაა ქვეყანაში ისეთი, რომელიც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას, მათ შორის პარლამენტის მხრიდან და რა აუცილებლობა დგას, რომ სასწრაფოდ გამოდის ეს კანონი? კითხვები რომ გიკვირთ, მე ეს უფრო მიკვირს. ხშირად ეჭვმიტანილი ხართ იმაში, რომ ყველა საკანონმდებლო ინიციატივა გამოგაქვთ იმისთვის, რომ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება განიმტკიცოთ, ამიტომ ამ კანონის ინტერპრეტაციას და გამოყენებას როგორ შეძლებთ, ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ამ ცვლილებაში ნაღმები დევს.
მე რომ მონა დაგიძახოთ რომელიმეს და ეს მედიამ გააშუქოს, ეს თუ ჩაითვლება უხამსობად? მე რომ მაგალითად, პრემიერს, ან უმრავლესობის რომელიმე წევრს მონა დავუძახო და ეს რომ მედიამ გააშუქოს თუ დაჯარიმდება?“ - განაცხადა ანა წითლიძემ.
შეგახსენებთ: გუშინ, პარლამენტმა „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 მომხრე, 4 წინააღმდეგი მიიღო.
კანონპროექტის ძირითად არსსა და მის პრინციპებზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას.
„2022 წლის დეკემბერში ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი, რომელშიც ასახული იყო თუ რა კუთხით უნდა მომხდარიყო კანონმდებლობის ცვლილება იმისთვის, რომ საქართველოს პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ნაწილში მონაწილეობა გაეგრძელებინა. ანალოგიური ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდანაც გამომდინარეობდა, რომელთა შესრულებაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების მიღებით, ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მე-7 პუნქტის შესრულება მოხდება.
„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.