"მინდა, ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და ივანიშვილის ყველა ყურმოჭრილმა მონამ იაროს იმ სიმართლით, რომ ის ტექსტი, რომელიც ლევან ჯობავამ წაიკითხა, იყო ბრიუსელიდან მოწოდებული. ბრიუსელიდან არა, ბომბეიდან კიდევ. ეს არის ქართველი ხალხის გაბრიყვების მცდელობა, ეს არის იმ რღვევის შეჩერების მცდელობა, რაც ახლა მიმდინარეობს „ქართულ ოცნებაში“ და სურთ, უცხო ძალებს დააბრალონ. – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
"სინამდვილეში ეს არის ქართველი ხალხის წარმომადგენელი ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების ტექსტი. ეს ტექსტი დატრიალდა უამრავ ჩათში, საიდუმლოც კი არაფერი ყოფილა იმ ჩათში, ალბათ 20 ჩატი მოიარა, რომ მაქსიმალურად გაფართოებულიყო კონსენსუსი იმ ტექსტზე, რასაც ამ დიდი აქციის დასაანონსებლად გამოვიყენებდით. შეიძლება, რომელიმე ჩათში ჰყავთ სუს-ის შეყუჟული აგენტი და იქიდან მოიპარა, წავიდა, თარგმნა და გამოქვეყნდა რეალურად ბრიფინგამდე.
საქმეც როგორ იყო იცით, გიგა ლემონჯავა წერდა და ღამე უნდა ჩაეგდო, ვერ მოასწრო და ბოდიშს იხდის ჩათში, ღამით ვერ ჩავაგდე, ვერ მოვასწარი რაღაც საქმეები მქონდაო და დილით ჩააგდო. მინდა, კობახიძემ, მდინარაძემ, ბიძინა ივანიშვილმა იარონ იმ სიმართლით, რომ ეს ტექსტი ვინმემ ბრიუსელიდან მოგვაწოდა და ჩვენს თავებში არ დაიბადა და ყოველდღე ამას არ ვლაპარაკობთ ტელევიზორში. როგორც ჩანს რომელიმე ჩატიდან გავიდა, არაფერი საიდუმლო ამაში არ ყოფილა, რადგან ტექსტი, რომელიც საიდუმლოა, 30 ჩათში არ ტრიალებს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, "პრაიმ ტაიმმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მედიასაშუალებას ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. მედიასაშუალება ასევე იტყობინებოდა, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა ბრიფინგი, რომელზედაც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ წაიკითხა განცხადება და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.









