„დეოლიგარქიზაცია ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ ნიშნავს „დებიძინიზაციას“ და ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, მოულოდნელი საერთოდ არ ყოფილა.“ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა პარლამენტში, ანა წითლიძემ განაცხადა.
"ვენეციის კომისიის ეს დასკვნა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ზუსტად ეს არგუმენტები გვქონდა ჩვენ საკომიტეტო განხილვაზე, როდესაც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი განიხილებოდა. თქვენ ასევე იცით, რომ წარდგენილი გვაქვს ალტერნატიული კანონპროექტი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და ვენეციის კომისიის ამ დასკვნით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად იტყუება, როცა ის ამბობს, რომ ასრულებს 12-პუნქტიან ვალდებულებას. დეოლიგარქიზაცია ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ ნიშნავს „დებიძინიზაციას“, „ქართული ოცნების“ ეს კანონპროექტი კი ფაქტობრივად, მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნება ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ დაეხმარონ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას.
ამიტომაც, ვენეციის კომისიის ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა და მისცა პირდაპირი რეკომენდაცია „ქართულ ოცნებას“, რომ დეოლიგარქიზაციის პრობლემა არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებას, ერთადერთი ოლიგარქი არსებობს ამ ქვეყანაში - ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ვენეციის კომისიის ეს დასკვნა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს კანონპროექტი არ იქნეს მიღებული ამ ფორმით, რადგან ის არის რეპრესიული.“ - განაცხადა ანა წითლიძემ.