პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო“, რომელშიც წარმოდგენილია პარტია „ლელო“, „ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.
გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ეს ძალა შედგება სუფთა, კომპეტენტური, მცოდნე და გულანთებული ადამიანებისგან.
„ჩვენ გვქონდა ერთი მოთხოვნა, ამოცანა, რომ სისტემა უნდა დანგრეულიყო და იმის ნაცვლად რომ ის დანგრეულიყო, შეიცვალა , ადაპტირდა, გაძლიერდა და უბრალოდ ახალი პატრონი იპოვა. ქვეყანას 20 წლის განმავლობაში მართავს ორი ძალა, რომელმაც დაგვღალა, გვაწყენინა, იმედი გაგვიცრუა. დიდი ხანია, ეძებთ ამ ორი ძალის ალტერნატივას, ეს კი დღეს თქვენს წინაშეა. როდესაც ჩვენ შევქმენით კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ვიცოდით რომ გვამოძრავებს ერთი რამ: ხელისუფლების და იმ სისტემის ცვლილება და ჩანაცვლება, რაც ორი ძალისგან მემკვიდრეობით მივიღეთ. ეს ძალა შედგება სუფთა, კომპეტენტური, მცოდნე და გულანთებული ადამიანებისგან. 26 ოქტომბერს ვცვლით ხელისუფლებას და ვიწყებთ ისეთი სახელმწიფოს შექმნას, სადაც ადამიანებს აღარ მოუწევთ ჯართის ჩაბარება, რათა ჭამონ საჭმელი, მშობლებს აღარ მოუწევთ უცხოეთში წასვლა, შვილების გადასარჩენად. არც ის მოუწევთ, რომ სისხლი ჩააბარონ ჭამისთვის. აი, ამ ძალას ვქმნით ჩვენ. არა ქოცები, არა ნაცები, არამედ რაღაც სხვა და ეს ალტერნატივა, დღევანდელი რეალობის, თქვენს წინაშეა“,- განაცხადა ანა დოლიძემ.