„ქართული ოცნების“ დაპირება, ყველას დაგიჭერთო, კაცობრიობის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე შემზარავი წინასაარჩევნო დაპირება , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„გივი მიქანაძე, გოჩა ენუქიძე, ანზორ ბოლქვაძე ორ-ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები იყვნენ. გივი მიქანაძე 2005 წლიდან 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. ხალხს რომ იჭერდნენ და სულს რომ ხდიდნენ, აი, ეს ადამიანები ახლა ერთმანეთს რომ უკრავენ ტაშს, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ავკრძალოთო, ბიოგრაფია არ გვახსოვს მათი? ესენი იძახიან ახლა ჩემზე, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არისო, იმიტომ, რომ სხვა არაფერი სათქმელი არ აქვთ. თვითონ რომ გაშმაგებული „ნაციონალები“ იყვნენ, პროკურორები, დეპუტატები და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები იყვნენ მათი და ახლა იძახიან, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ავკრძალოთო, ნამუსი ხომ არის სადღაც.
რომ გვპირდებოდნენ, ევროპას გავაოცებთო, ევროპა გავაოცეთ დიქტატურით. ყველაფერში გადაგვაგდეს, ყველა დაპირებაში. „ქართული ოცნების“ დაპირება, ყველას დაგიჭერთო, კაცობრიობის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე შემზარავი წინასაარჩევნო დაპირება. უკვე ისეთი გაკოტრებულია, რომ ხვდება, აღარავინ დაუჯერებს სამუშაო ადგილებზე თუ ისაუბრებენ, ან ემიგრანტების დაბრუნებაზე, ან იმაზე, რომ ჯიბეზე ვიგრძნობთ რამეს.
ასეთ დაპირებებზე აღარ საუბრობენ იმიტომ, რომ მოსაპარი მოიპარეს, საშოვნელი იშოვეს, შეხედეთ სად აქვთ ქონებები - თან ევროპელებს ლანძღავენ და თან სახლები აქვთ პარიზში, ბარსელონაში, ლონდონში, მონაკოში და ა.შ. სად დაჰყავთ შვილები სასწავლებლად - უცხოეთში. ანუ, ფული მოგვპარეს, ჩვენს გადასახადებს იღებენ ჩვენივე ჯიბეებიდან, მილიონერები არიან, თან ევროპელებს და ამერიკელებს აგინებენ“ , - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.