"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ოცნების" ცრუ დაპირებზე საუბრობს და ამბობს, რომ "12 წელია ქვეყანას ყველაზე მატყუარა, გადამგდები პოლიტიკური ძალა მართავს".
"მე მინდა შეგახსენოთ ყველაზე გადამგდები, უპირობო და საარჩევნო დაპირებების არშემსრულებელი ხელისუფლების ნათქვამი. მინდა შეგახსენოთ, 100 ტყუილი დაპირება "ქართული ოცნების". 100 ქარხანა, რასაც გვპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი. როდესაც გვეუბნებოდა, რომ 100 ქარხანას ააშენებდა 2012 წელს, 2013 წელს მან დააზუსტა, ჩვენ არ დავიზარეთ და მისი ყველა დაპირება ამოვიღეთ და თქვა, რომ წლის ბოლომდე მინიმუმ 60 ქარხანა მაინც უნდა მოვახერხოთ. ამას ამბობდა 11 წლის წინ. ამას გარდა, ყველას კარგად გვახსოვს 5 მილიონი თითოეულ სოფელს, ევროპას რომ გავაოცებდით დემოკრატიით, ნაციონალებს რომ ერთი ლარი მიჰქონდათ ბენზინიდან და ბენზინის ფასს გაანახევრებდნენ. წყალი, გაზი, ელექტროენერგია რომ უფასო გვექნებოდა.
ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული დაპირებაც გავიხსენოთ უფასო ფულთან დაკავშირებით, რომელზეც ამბობდა, რომ "ყველას ექნება საშუალება იაფი, ხელმისაწვდომი და ხანგრძლივი ფულის. არანაკლები 10-წლიდან 20-წლამდე იქნება ფულის საშუალება, ეს იქნება უფასო უმეტესწილად და სადაც იქნება პროცენტი, ეს იქნება 1, 2 და მაქსიმუმ 3 პროცენტი". ამას გვეუბნებოდა ივანიშვილი 2012 წელს, უფასო ფულს და 1,2, 3-პროცენტიან სესხებს და ახლა ყველამ თქვენ თქვენ სესხებს გადახედეთ და გაიხსენეთ, რამდენ პროცენტიანი სესხები გაქვთ სინამდვილეში. საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გარდა კაცი არ მეგულება ისეთი, სესხი რომ არ ჰქონდეს.
ასევე გვპირდებოდა, რომ ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებდა საშუალო მოსახლეზე უკეთესად. გაიხსენეთ თითოეული რეპორტაჟი ჩვენი უცბად გამდიდრებული ჩინოვნიკების. ასევე მინდა გაგახსენოთ ერთ-ერთი ყველაზე ყეყეჩური დაპირება, რომ "ავაშენებთ სასტუმროებს და ყველა სასტუმროს ექნება სოლარიუმი". ამაშიც კი გადაგვაგდო.
12 წელია მართავს ყველაზე მატყუარა, გადამგდები პოლიტიკური ძალა, რომელსაც 12 წლის განმავლობაში 3-ჯერ არჩევის დროს ჰქონდა ყველანაირი შესაძლებლობა, თავისი დაპირებები შეესრულებინა, მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ ივანიშვილი არა ქართველ ერს, არამედ ის ემსახურება ვლადიმერ პუტინს, პირდაპირ პუტინისგან იღებს დავალებებს და ის ადარდებს, რომ რუსეთისა და რუსი ხალხის წინაშე იყოს პირნათელი", - ამბობს ელისაშვილი.