ყველას აინტერესებს, როგორ დაიწყო კომუნიკაცია ჩვენს შორის, მე მივწერე ბადრი ჯაფარიძეს და რამდენიმე წუთშივე იყო პასუხი, დავსხდეთ და დავილაპარაკოთო. შევხვდით შემდეგ ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობით და ქართულად, ადამიანურად, კაცურად გადავწყვიტეთ, რომ წყენა უნდა დავივიწყოთ და ერთად დავდგეთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კოალიცია „ძლიერ საქართველოში" გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ, პოლიტიკოსებმა ყველას ვაჩვენეთ ისიც, თუ როგორ შეგვიძლია ერთმანეთის ლანძღვა, მაგრამ ახლა იმასაც ვაჩვენებთ, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარ წყენებზე მაღლა დადგომა ქვეყნის ინტერესისთვის, ყველა ხედავს, რომ თანდათან ვიზრდებით და ვსწავლობთ ერთმანეთთან ლაპარაკს. თუკი ვინმეა ისეთი, ვინც „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა, მაგრამ ბოლომდე შესრულებაზე უარს იტყვის, ის საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუტანს განაჩენს. აქ ორი ამბავი გვაქვს, ერთი, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ და სიმდიდრისკენ წავიყვანოთ ქვეყანა და მეორე, რომ მექანიზმები შევქმნათ ერთხელ და სამუდამოდ, როგორიცაა პროკურატურა, სასამართლო. პოლიტიკა უნდა გახდეს იდეების ჭიდილი და არა ის, რასაც ახლა აკეთებს ,,ქართული ოცნება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.