ყველამ დღეს გავიგეთ, რომ ჩვენი თავდაცვის სამინისტრო რუსულ ზეთს ყიდულობს და რუსულ ზეთს იყენებს ქართველი მეომრების გამოსაკვებად. ეს არის გამაოგნებელი ამბავი, ეს არის შეურაცხმყოფელი თითოეული ქართველი მეომრის, თითოეული ქართველი რიგითის, სერჟანტის, ოფიცრის. - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა, "ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 


"ამბავი და ინფორმაცია, რომელიც დღეს გახდა ცნობილი არის ძალიან შეურაცხმყოფელი თითოეული ნორმალური ქართველისთვის და ქართული არმიისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ყველამ დღეს გავიგეთ, რომ ჩვენი თავდაცვის სამინისტრო რუსულ ზეთს ყიდულობს და რუსულ ზეთს იყენებს ქართველი მეომრების გამოსაკვებად. ეს არის გამაოგნებელი ამბავი, ეს არის შეურაცხმყოფელი თითოეული ქართველი მეომრის, თითოეული ქართველი რიგითის, სერჟანტის, ოფიცრის.

30 წელია ჩვენი არმია უპირისპირდება რუსეთის არმიას, რუსეთის შეიარაღებუო ძალებს. ასეთი რამ როგორ შეიძლება აკადრო ქართულ ჯარს. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც მიზანმიმართულად ატარებს "ქართული ოცნება", რომ ახლა ზეთი იყიდეს, ხვალ რუსულ იარაღს იყიდიან, მერე რუსულ ფორმას ჩააცმევენ, რუს ოფიცრებს მოიყვანენ და დაუქვემდებარებენ ჩვენს თავდაცვის ძალებს რუსულ არმიას და ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, გვაგუებენ ყველას რომ მიგვათრევენ რუსეთში. მათ შორის ამ ფორმით, ერთის მხრივ შეურაცხყოფას აყენებენ ქართულ არმიას და მეორეს მხრივ, ეუბნებიან, რომ არმიაც და ჩვენი თავდაცვის ძალებიც უნდა შეეგუონ რუსეთში შესვლას და რუსეთის დაქვემდებარებას.

შესაბამისად, ეს ამაზრზენი რეალობა, რასაც თავს გვახვეს ქართული ოცნება უნდა შევცვალოთ და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი არმიისა და ქვეყნის ღირსების დასაბრუნებლად. აი, ეს შეურაცხმყოფელი რეალობა უნდა შევცვალოთ 26 ოქტომბრის საღამოს." - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, თავისუფლების ინსტიტუტის (Liberty Institute) ცნობით, ქართულმა სახელმწიფომ ჯარისთვის 2024 წლის ივნისში, ტენდერის გამოცხადების გარეშე, რუსული ზეთი ЭФКО შეიძინა.
თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსულ ზეთს სახელმწიფო შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის გავლით ყიდულობს, ხოლო აღნიშნული კომპანიის მეწილეებს ქართული ოცნებისთვის 2017 წელს ჯამში 180 ათასი ლარი აქვთ შეწირული