„ლელოს“ რა სიცანცარე სჭირს, ვერაფრით ვხვდები. რატომ დაგითმობს „ქართული ოცნება“, თუ ბრძოლაში არ შეყევი და გაეცალე?- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ლელოს" გადაწყვეტილებას, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას არ დასწრებოდა.
„ძალიან კარგი შეხვედრა იყო, იმიტომ, რომ იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. არგუმენტირებული რაღაცებიც თქვეს და არაარგუმენტირებულიც. ეს იყო ძალიან წყნარი და მშვიდი დისკუსია. უამრავი ადამიანი მონაწილეობდა, რადგან კამერები არ იყო, ქულებს ვერავინ ვერ ჩაიწერდა და ცოტა მოსაწყენიც კი იყო, მაგრამ სამუშაო ამბავია. შევთანხმდით, რომ ეს იყო პირველი მოთელვა, ორ კვირაში შევხვდებით.
რამდენსაც მიაწვები, იმდენს წაგლეჯ რაღაცას. თვითონ რატომ დაგითმობს „ქართული ოცნება“, თუ პირდაპირ ბრძოლაში არ შეყევი, გაეცალე და თქვი, რომ ესენი მაინც არაფერს არ იზამენ? ბოდიში, მაგრამ ევროკავშირის რეკომენდაციაა ეს ოხერი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.