ოპოზიციაში კიდევ ცოტა ტვინს წიხლი უნდა დავაჭიროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ჩვენს შეცდომებზე ვიფიქროთ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ობიექტურად ვთქვათ, დღეს ხელისუფლება უფრო ყოჩაღად გამოიყურება, ვიდრე გამოვიყურებით ჩვენ, ოპოზიცია. ისინი უფრო მწყობრად მიდიან, ოპოზიციაში კიდევ ერთმანეთის ლანძღვა არის. „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ ამდენი ხანი ამრევი იყო და რჩება ძირითად დესტრუქციულ ძალად. რევოლუცია რომ უნდა და რომ არ გამოდის მეთორმეტე წელია, აი, ამ ძალად რჩება და დანარჩენების მოხრჩობას ცდილობს ისევე, როგორც „ქართული ოცნება“. ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ ოპოზიციის წევრებზე შეტევა კარგი რამეა. ძალიან დაქსაქსულად გამოვიყურებით.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, ვურჩევ, რომ სხვის პროცენტებზე ფიქრს, ქვეყანაზე იფიქროს. ეგ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი არ არის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. იმ ქვეყნის, რომელიც ძალიან მძიმე დღეშია ყველა მიმართულებით. ოპოზიციაში კიდევ ცოტა ტვინს წიხლი უნდა დავაჭიროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ჩვენს შეცდომებზე ვიფიქროთ. ყველას ყელი მოგვიღერებია. ყველას შეცდომა გვაქვს დაშვებული“, - განაცხადა ელისაშვილმა.