გაფართოების ყოველ ტალღას თან ახლდა პოლიტიკური კავშირების გაღრმავება, მჯერა, რომ შემდეგი გაფართოებაც უნდა იყოს პროგრესის კატალიზატორი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მან ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ევროკავშირმა უნდა გადადგას „კავშირის სრულყოფისთვის“. ფონ დერ ლაიენმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირს უახლოეს მომავალში 30-ზე მეტი წევრი ეყოლება და ამისთვის აუცილებელია გაფართოების ახალი ხედვის დასახვა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ ხედვაში უნდა იყოს კანონის უზენაესობის დაცვის პრინციპის უზრუნველყოფა, როგორც მოქმედ, ისე მომავალ წევრ სახელმწიფოებში. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ამ მიზნით, ევროკომისია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
„ჩემი გამოსვლა დავიწყე იმით, რომ ევროკავშირი პასუხობს ისტორიის ძახილს და ისტორია ახლა მოგვიწოდებს, ვიმუშაოთ ჩვენი კავშირის სრულყოფაზე. მსოფლიოში როდესაც ბევრი ცდილობს ქვეყნების განცალკევებას, ჩვენ არ გვაქვს უფლება, თანამემამულე ევროპელები მივატოვოთ. მსოფლიოში, სადაც ზომასა და წონას აქვს მნიშვნელობა, მკაფიოა, რომ ევროპის სტრატეგიულ ინტერესებში შედის ჩვენი კავშირის სრულყოფა.
მაგრამ პოლიტიკისა და გეოპოლიტიკის მიღმაც უნდა დავინახოთ, რა დევს ფსონზე. ჩვენ უნდა დავსახოთ წარმატებული გაფართოების ხედვა. სრულყოფილ ევროკავშირში 500 მილიონზე მეტი ადამიანია გაერთიანებული, რომლებიც თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ კავშირში ცხოვრობენ; სადაც ახალგაზრდები ცხოვრობენ, სწავლობენ და მუშაობენ თავისუფლებაში; სადაც დემოკრატია აქტიურია; სადაც სასამრთლო დამოუკიდებელია, ოპოზიციას პატივს სცემენ და ჟურნალისტებს პატივისცემით ეპყრობიან, რადგანაც კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებები ყოველთვის იქნება ჩვენი კავშირის საფუძველი, უკვე არსებულ და მომავალ წევრ ქვეყნებშიც.
ამიტომ ევროკომისიამ კანონის უზენაესობის შესახებ ანგარიშები გადამწყვეტ პრიორიტეტად აქცია. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ წევრ ქვეყნებთან, რათა გამოვავლინოთ პროგრესი და პრობლემები და გავცეთ რეკომენდაციები მომავალი წლისთვის. ამან უზრუნველყო ანგარიშვალდებულება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წინაშე. ამან მოგვცა საშუალება, დაწყებულიყო დიალოგი წევრ სახელმწიფოებს შორის და ეს იძლევა შედეგს.
მჯერა, რომ იმავეს გაკეთება შეგვიძლია მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვისაც და ამიტომაც მოხარული ვარ, დავაანონსო, რომ ჩვენ გავხსნით კანონის უზენაესობის შესახებ ანგარიშებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც პროცესის დაჩქარება სურთ. ეს მათ წევრ სახელმწიფოებთან თანაბარ დონეზე დააყენებს და დაეხმარება რეფორმების ძალისხმევაში. ეს დაგვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ ჩვენი მომავალი არის თავისუფლების, უფლებებისა და ღირებულებების კავშირი ყველასთვის. ეს არის ჩვენს ინტერესებში. უბრალოდ დაფიქრდით 20 წლის წინ მომხდარ დიდ გაფართოებაზე. ჩვენ მას დავარქვით მისალმების ევროპული დღე.
ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ეკონომიკური მიღწევები, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გააუმჯობესა. მე მინდა, ჩვენ გავიხედოთ წინ ახალი გაფართოებისკენ და ეკონომიკური წარმატებებისკენ. მე ვიცი, რომ ეს არ არის იოლი გზა“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.