უნგრეთის პროკურატურამ ვიქტორ ორბანის მთავრობაში ქრთამის აღების საქმეზე გამოძიება დაიწყო, მოწმის სახით უკვე მოუსმინეს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ჯუდიტ ვარგას. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ქვეყნის მთავარმა პროკურორმა პალ ფურხტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა შეაფასეს აუდიოჩანაწერი, როგორც ვარგას ყოფილმა ქმარმა პიტერ მაგიარმა გაასაჯაროვა. გამოძიება დაწყებულია "მექრთამეობის შესახებ შეუტყობინებლობაზე."
ფურხტის თქმით, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ოთხშაბათს მოუსმინეს, ხოლო კიდევ ერთ მოწმეს, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ხუთშაბათს უნდა მიეცა ჩვენება.
Reuters აღნიშნავს, რომ კორუფციული საქმე ეხება იუსტიციის სამინისტროს ყოფილ სახელმწიფო მდივანს პალ ვოლნერს, რომელსაც 2022 წელს ბრალი წაუყენეს სასამართლოს მანდატურების ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი შადლისგან ქრთამის აღებაში. დანაშაულს არცერთი მათგანი არ აღიარებს. პროკურორები მათთვის პატიმრობას ითხოვენ.
პროკურატურამ უკვე განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოს საქმიანობაში ჩარევა "ლეგალურად და ფიზიკურად შეუძლებელია."
სკანდალური ცნობების გასაჯაროების შემდეგ, ბუდაპეშტში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და ქვეყნის მთავარი პროკურორისა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გადადგომა მოითხოვა.
მაგიარის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში ისმის, რომ იუსტიციის მინისტრი ვარგა დეტალურად საუბრობს ვიქტორ ორბანის კაბინეტის უფროსის თანაშემწეების მცდელობაზე, ამოიღონ გარკვეული ფრაგმენტები ქრთამის აღების საქმეზე არსებული დოკუმენტებიდან.