ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს მხარდაჭერით მომზადებული ბედნიერების მსოფლიო ანგარიში გამოქვეყნდა. ყოველწლიური ანგარიში, რომელიც მეცამეტედ მომზადდა, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილებას აფასებინებს და ასე ადგენს ყველაზე ბედნიერი ერების ჩამონათვალს.

უკვე ზედიზედ მერვედ, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ფინეთი დასახელდა. 10-ქულიანი სისტემით ფინეთს ანგარიშში 7,736 აქვს მინიჭებული. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ხუთეულში ჩრდილოეთ ევროპის ოთხი ქვეყანაა. ექსპერტები მთავარ მიზეზად ბუნებასთან სიახლოვეს და სოციალური კეთილდღეობის სისტემას ასახელებენ.

სხვათა შორის, ათეულში პირველად მოხვდნენ კოსტა-რიკა და მექსიკა, რასაც ექსპერტები მტკიცე ოჯახური კავშირების გავლენას მიაწერენ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის პოზიცია შარშანდლის შემდეგ არ შეცვლილა - 5,4 ქულით, ჩამონათვალში ისევ 91-ე ადგილს ვიკავებთ. მანამდე, 2023 წელს, 90-ე პოზიციაზე ვიყავით, უფრო ადრე კი, მაგალითად, 2020-ში - 117-ე ადგილი გვეკავა.

ბედნიერების ანგარიშის წლევანდელი ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ფინეთი

2. დანია

3. ისლანდია

4. შვედეთი

5. ნიდერლანდები

6. კოსტა-რიკა

7. ნორვეგია

8. ისრაელი

9. ლუქსემბურგი

10. მექსიკა

ბედნიერების ანგარიშის კვლევის მეთოდი ასეთია: სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს 0-დან 10-მდე სკალით აფასებინებენ საკუთარ ცხოვრებას, სადაც 0 ყველაზე საშინელ მდგომარეობას ასახავს, 10 კი - საუკეთესოს.

ზოგიერთი ქვეყნის გაუარესებულ შედეგებს კვლევა პოლიტიკურ პოლარიზაციას მიაწერს, ბედნიერების მაღალ ხარისხს კი უკავშირებს თანაცხოვრებასაც: ლათინური ამერიკისა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც მონაცემი მაღალია, ერთ სახლში ხშირად ოთხი და ხუთი ადამიანი ცხოვრობს.