შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ორი პირი დაკავებულია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ერთი პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 173-ე მუხლით, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებულია 173-ე და 174-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას გულისხმობს.

პარლამენტთან აქცია შუადღიდან დაიწყო, როცა, პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან ხდება ქართული არმიის გასამართლება და ამას ვერ შეეგუებიან.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი და 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა. ასევე, დღესვე დაიკითხა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც 2004-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.