როგორც "აიპრესს" საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, "თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო - მიზეზი, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაა.
საქართველოს პარლამენტში "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პროკურატურაში გადაიგზავა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის გუშინდელ სხდომაზე მიიღეს. საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა დააყენა. კომისიის წევრებმა საკითხს მხარი დაუჭირეს.
ასევე, კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოძიება დაიწყო
შეგახსენებთ: დროებითი საგამოძიებო კომისია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხების განხილვას განაგრძობს.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხებზე სამ პირს მოუსმინა.
კომისიას ახსნა-განმარტება სამხედრო ექიმმა, ლაშა ქოიავამ მისცა, რომელიც 2007-2008 წლებში სამხედრო-სამედიცინო უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობდა.
მისი განცხადებით, ჯარში ძირეული ცვლილებები თავდაცვის მინისტრად გიორგი ბარამიძისა და მის თანაშემწედ ელენე ხოშტარიას დანიშვნის შემდეგ დაიწყო. როგორც ლაშა ქოიავამ აღნიშნა, მათ ჯარიდან ყველა ვეტერანის გაშვება სურდათ, თუმცა იმის გამო, რომ გიორგი ბარამიძე მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მან ეს ვერ განახორციელა.
მისივე თქმით, აღნიშნული გეგმა სისრულეში მოიყვანა უკვე თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც ერთი ბრძანებით 2 000 ოფიცერი გაუშვა ჯარიდან.
ლაშა ქოიავას განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილმა ასევე გააუქმა: სახმელეთო ჯარების შტაბი, სამხედრო დაზვერვა, ამერიკელების მომზადებული კომანდოსების 10 ბატალიონი, ფრანგებისა და შვეიცარიელების მის მომზადებული და აღჭურვილი სამთო-მსროლელთა ბატალიონი, სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც შემდეგ გორში გადაიტანეს, ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი, სამხედრო აკადემია, რომელიც შემდეგ აღდგენილი და გადატანილი იყო გორში, რვათვიანი კურსით, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა ოფიცრის ჩამოყალიბებას.
ლაშა ქოიავას თქმით, 2008 წლის თებერვალში მან სახმელეთო ჯარების სარდლისგან იცოდა, რომ საბრძოლო მოქმედებები მაისის თვეში უნდა დაწყებულიყო.
მისივე განცხადებით, 2008 წლის 7 აგვისტოს დილის 5 საათზე ჩაინიშნა სამხედრო თათბირი, რომელიც დაგვიანებით დაიწყო და განხილული იყო წინასწარ შემუშავებული სამხედრო მოქმედებების გეგმა. ლაშა ქოიავას თქმით, გეგმის მიხედვით, ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო, უნდა მომხდარიყო როკის გვირაბთან გასვლა და მისი ჩაკეტვა, რათა რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში ვერ შემოსულიყვნენ. ამის შემდეგ, ჯარები უნდა განლაგებულიყვნენ ცხინვალის გარშემო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკება ჯარისა და პოლიციის ცხინვალში შეშვებასთან დაკავშირებით, რომ სისხლისღვრა არ მომხდარიყო.
მისივე განმარტებით, თათბირს თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის ზაზა გოგავას გარდა, ასევე ესწრებოდნენ არასამხედრო პირები: იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე შალვა ჯანაშვილი.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ არასამხედრო პირების ჩარევის შედეგად მოხდა გეგმაში ცვლილებების შეტანა, რამაც გაუგებრობა გამოიწვია.
ლაშა ქოიავას განცხადებით, გეგმის თანახმად, საბრძოლო მოქმედებები 8 აგვისტოს 7:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა 7 აგვისტოს, 23 საათზე 42 წუთზე დაიწყო „ცხინვალის საარტილერიო ცეცხლით დამუშავება“. მისი თქმით, უკვე 8 აგვისტოს, საბრძოლო მოქმედებები 7- 8 საათის დაგვიანებით დაიწყო, ვინაიდან გაცემული მითითების მიხედვით, უნდა დალოდებოდნენ ჟურნალისტების ჩასვლას. ასევე, მოგვიანებით სატვირთო მანქანით ჩატანილი იყო მიტინგის ჩასატარებლად აუცილებელი ინვენტარი.
როგორც ლაშა ქოიავამ აღნიშნა, საბრძოლო მოქმედებების დროს თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ გაცემული ბრძანების შემდეგ, რისი უფლებაც მას, როგორც სამოქალაქო პირს არ ჰქონდა, მოხდა საბრძოლო ბრიგადების ისეთი გადაადგილება, რამაც რუსეთის სამხედრო ძალებს საშუალება მისცა გადმოეკვეთათ საქართველოს საზღვარი და ცხინვალში შესულიყვნენ.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გორიდან გაქცევის ფაქტმა ჯარის სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია.
ლაშა ქოიავას ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე საბრძოლო ქვედანაყოფების მეთაურებს „მმართველი პარტიის“ წარმომადგენლები მიამაგრეს.
დღევანდელ სხდომაზე, საგამოძიებო კომისიის წევრებმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შალვა ჯანაშვილს მოუსმინეს.
მისი განცხადებით, 2008 წლის 7 აგვისტოს დილით გამართულ თათბირს ის არ ესწრებოდა, ვინაიდან შვებულებაში იმყოფებოდა და თბილისში 7 აგვისტოს შუადღეს ჩამოვიდა.
შალვა ჯანაშვილმა კითხვებზე პასუხის დროს დეტალურად ისაუბრა 7-9 აგვისტოს ვისგან იღებდა დავალებებს, რა ღონისძიებები გაატარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ძალებმა და განსაკუთრებულ დავალებათა ბატალიონმა. ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალში შესვლის ბრძანება მან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილისგან მიიღო.
განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით კომისიამ აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელს, ზაზა გოგავას მოუსმინა.
მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები არ იწვრთნებოდა იმისთვის, რომ ისინი შესულიყვნენ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე.
ზაზა გოგავას განცხადებით, 2008 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო კონფლიქტის ზონაში მდგომარეობის დაძაბვა, ჯერ დაიბომბა ქართული სოფელი, შემდეგ კი, 6 აგვისტოს დაიბომბა ქართული სამშვიდობო ძალების პუნქტი, რის შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა.