ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესა ავრცელებს.  

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეის თავმჯდომარედ იაელ ბრაუნ-პივეს არჩევასთან დაკავშირებით წარმოქმნილ გაუგებრობის შემდეგ ასევე გაურკვევლობები წარმოიშვა ვიცე-პრეზიდენტების პოსტზე წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრისას.

სულ, 6 ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე 8 კანდიდატი იყრიდა კენჭს. ურნების გახსნის შედეგად გაირკვა, რომ ბიულეტენების რაოდენობა 10-ით სჭარბობდა ხმის მიმცემ დეპუტატთა რაოდენობას.

ამ ფაქტის და იმ გარემოების გამო, რომ კანდიდატთა მიერ მიღებულ ხმებში სხვაობა ძალიან მცირე იყო, მიღებულია გადაწყვეტილება კენჭისყრის ხელახლა ჩატარების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ მაკრონის პარტიის წევრმა, იაელ ბრაუნ-პივემ კენჭისყრის მესამე ტურში მემარცხენეების კანდიდატს, კომუნისტ ანდრე შასენს 13 ხმით აჯობა. მაკრონის პარტიის მემარჯვენე რესპუბლიკელებთან გარიგების შედეგად მოპოვებულ მცირე უპირატესობასთან ერთად მემარცხენეთა აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კენჭისყრაში ძველი მთავრობის ჯერ კიდევ არგადამდგარი 17 მინისტრი მონაწილეობდა და ამის გამო ისინი სამართლებრივი გზით თავმჯდომარის არჩევნების შედეგების გაუქმების შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ.