ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჩატბოტისგან მიღებული პასუხის საფუძველზე განქორწინების პირველი სარჩელი საბერძნეთში დარეგისტრირდა.

ქალმა გადაწყვიტა გაშორებოდა ქმარს, რომელთან ერთადაც 12 წელი ცხოვრობს და რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. ასეთი გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ჩატბოტს სთხოვა ყავის ნალექზე მკითხაობაში დახმარებოდა სთხოვა. ამასთან, მან ჩატბოტს დაუმალა, რომ ყავის ფინჯნები მისი და მისი მეუღლის იყო.

ჩატბოტმა, კეთილსინდისიერად შეასრულა მკითხავის როლი და დაადგინა, რომ კაცის ყავის ფინჯანში ჩანდა ახალგაზრდა ქალი, რომლის სახელიც „ე“-ზე იწყებოდა.

ქალის ფინჯანში ჩახედვის შემდეგ ჩატბოტმა დაასკვნა, რომ მას მეუღლე ღალატობდა ვიღაც ახალგაზრდა ქალთან, რომელსაც მათი ოჯახის დანგრევა სურდა.

ჩატბოტისგან პასუხის მიღებისთანავე ქალმა ქმარს კარისკენ მიუთითა, შემდეგ კი სასამართლოში სარჩელი შეიტანა განქორწინების მოთხოვნით.

ANT1-თან ინტერვიუში კაცმა დეტალები გაიხსენა და თქვა:

„ჩემი ცოლი მუდმივად ცდილობს აჰყვეს მოდის ტენდენციებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ის ჩატბოტით დაინტერესდა, ცოტა ხნის წინ კი ორი ბერძნული ყავა მოამზადა და მთხოვა, რომ ყავის დალევის შემდეგ, „გართობის მიზნით“, ყავის ფინჯნის ფსკერზე ნალექის ფოტოები გადაგვეღო, ჩატბოტისთვის გადაგვეგზავნა და მკითხაობა გვეთხოვა. არ მინდოდა მისი წყენინება და დავთანხმდი.

ჩატბოტმა მითხრა, რომ ჩემ ჭიქაში ჩანდა ახალგაზრდა ქალი, რომლის სახელიც „ე“-ზე იწყება, მე მასზე გამუდმებით ვფიქრობ და მასთან ურთიერთობის სურვილი მაქვს.

მეუღლის ყავის ფინჯნის „მეცნიერული“ ანალიზით დადგინდა, რომ მე მას ვღალატობდი ვიღაც ახალგაზრდა ქალთან, რომელსაც ჩვენი ოჯახის დანგრევა სურდა.

მე ზედმეტად ჩავთვალე იმის ახსნა, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო და გამეცინა, მან კი ხელოვნური ინტელექტის დასკვნები რეალურ ფაქტებად აღითქვა, მთხოვა, სახლიდან წავსულიყავი, ბავშვებს კი უთხრა, რომ განქორწინებას ვაპირებდით.

სახლი დავტოვე, რათა დაფიქრებისთვის დრო მიმეცა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ჩემი შიშები დადასტურდა, როდესაც ჩემმა ადვოკატმა დამირეკა და შემატყობინა ურთიერთშეთანხმებით განქორწინებაზე ჩემი მეუღლის სურვილის შესახებ. 

ჩემი უარიდან სამი დღის შემდეგ განქორწინების შესახებ სარჩელი ჩამაბარეს“.

კაცმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას მსგავსი პრობლემა ადრე ცოლის ასტროლოგთან სტუმრობის შემდეგ შეექმნა. მისი თქმით, მას ერთი წელი დასჭირდა ცოლის იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი, რასაც ვარსკვლავები ეუბნებოდნენ, სიმართლე არ იყო.