რუმინეთში შეერთებული შტატების ელჩები აცხადებენ, რომ 18 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რუმინელებმა პუტინსა და ამერიკას შორის უნდა გააკეთონ არჩევანი. 

ვლადიმერ პუტინი და მისი მოკავშირეები „სასიკვდილო საფრთხეს უქმნიან რუმინეთის, ევროპისა და ამერიკის უსაფრთხოებას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას“ და თუ რუმინეთი პუტინის მომხრე პრეზიდენტს აირჩევს, შეერთებული შტატების მხრიდან რიგითი რუმინელების თავდაცვის და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მხარდაჭერას სერიოზული ზიანი მიადგება. „რუმინელები აშკარა ისტორიული არჩევანის წინაშე დგანან“, - წერენ ელჩები და აღნიშნავენ, რომ რუმინელებს მიმართავენ არა როგორც შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები, არამედ როგორც ამერიკელი მოქალაქეები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების წლები მიუძღვნეს ამერიკელებისა და რუმინელების დაახლოებას.

ყოფილი ელჩები დასძენენ, რომ ისინი პირადად იყვნენ მოწმენი „რუსეთის დიქტატურისგან რუმინელების წარმატებული განთავისუფლების“, მათი სწრაფვის თავისუფლებისკენ, ნატოსკენ, ევროპასთან ინტეგრაციისკენ, აშშ-თან დაახლოებისკენ.

„დღეს ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა. პუტინის მმართველობის დროს რუსეთი კვლავ შეტევაზე გადადის. პირველ რიგში, უკრაინაში შეჭრით. იქნება თუ არა რუმინეთი მისი შემდეგი სამიზნე, როგორც ეს სტალინის დროს იყო? ჩვენგან ორი რუმინული წარმოშობისაა. ჩვენ გვესმის რუმინეთის მრავალი მოქალაქის სირთულეები. თუმცა, როგორც ამერიკის მოქალაქეები და აშშ-ის ყოფილი ელჩები რუმინეთში, ჩვენ ასევე გვესმის, თუ როგორ უყურებს ამერიკელების უმეტესობა ვლადიმერ პუტინს და მის მოკავშირეებს. ისინი სასიკვდილო საფრთხეს უქმნიან რუმინეთის, ევროპისა და ამერიკის უსაფრთხოებას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას. თუ რუმინეთი პუტინის მომხრე პრეზიდენტს აირჩევს, სერიოზული რისკის ქვეშ დადგება შეერთებული შტატების მხრიდან რიგითი რუმინელების თავდაცვის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მხარდაჭერა. რუმინელები მკაცრი ისტორიული არჩევანის წინაშე დგანან: რუსეთის ბატონობა თუ საკუთარი მომავალი, როგორც ნატოში ამერიკის მოკავშირის. პუტინი თუ ამერიკა. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რუმინელი მეგობრები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ტრანსატლანტიკურ ღირებულებებს და უარყოფენ პუტინის ინტერესებთან ნებისმიერ სავარაუდო ალიანსს. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ არ შეგვიძლია ხმის მიცემა. თქვენ ეს შეგიძლიათ. ღმერთმა დალოცოს რუმინეთი!“- წერენ რუმინეთში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები.

ცნობისთვის: შეერთებულ შტატებს რუმინეთში 1989 წლის დეკემბრიდან ამჟამინდელ ელჩის დანიშვნამდე პერიოდში სულ 10 საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰყავდა. მათგან ერთი გარდაცვლილია, ერთი, რომელიც 1992-1994 წლებში იყო რუმინეთში ელჩი, ამჟამად 98 წლის, გადამდგარი დიპლომატია 1994 წლიდან, კიდევ ერთი, რომელიც 2004 წლის ივლისიდან 2005 წლის თებერვლამდე იყო აშშ-ის ელჩი რუმინეთში, 2014 წლიდან კი საქველმოქმედო ორგანიზაცია United Service Organizations-ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორია, ხელმომწერთა შორის არაა.