საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ქართული კულტურის დღე გაიმართა.
მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, შოთა გეწაძემ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ევროვიზიის მასპინძელ ქალაქში საზოგადოების წინაშე წარდგა ევროვიზია 2025-ის ქართველი მონაწილე მარიამ შენგელია და ასევე, საქართველო ოფიციალურად დასახელდა საბავშვო ევროვიზია 2025-ის მასპინძელ ქვეყანად.
მარიამ შენგელიასა და ანდრია ფუტკარაძის მიერ რამდენიმე ვოკალური ნომრის შესრულების შემდეგ, სტუმრების წინაშე წარდგა ანსამბლი „ერისიონი”, რის შემდეგაც სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და სამზარეულო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ოფიციალური პირები, სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები და ბაზელში მცხოვრები ქართველები.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.