ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელებისთვის ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ძალოვანი უწყებების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, გავრცელებული ცნობით, უფლებამოსილება შეუჩერდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კორპუსის მეთაურს, რომლის დაქვემდებარებაშიც იყვნენ ეჭვმიტანილები.
19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა.
მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეხების ხაზი გაარღვია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაიკავა.
20 სექტემბერს ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა.