არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდა.
„19 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა არცახის რესპუბლიკასთან შეხების ხაზზე, განხორციელდა მასიური სარაკეტო, საარტილერიო და საჰაერო დარტყმები.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მიზანი არცახის გაყოფის და მისი სიცოცხლისუნარიანობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებაა. ორდღიანი შეუპოვარი ბრძოლების განმავლობაში არცახის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გმირულად იცავდნენ თავს ცოცხალი ძალითა და სამხედრო ტექნიკით რამდენჯერმე აღმატებული მტრისგან და დიდი ზარალი მიაყენეს მას.
სამწუხაროდ, არცახურ მხარეს არის მსხვერპლი და დაჭრილი. ზოგიერთ რაიონში მოწინააღმდეგემ მოახერხა თავდაცვის არმიის საბრძოლო პოზიციების გარღვევა და რიგ სიმაღლეებზე და სტრატეგიულ საგზაო კვანძებზე კონტროლის დამყარება.
შექმნილ ვითარებაში არასაკმარისია საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებები ომის დამთავრებისა და სიტუაციის მოგვარების მიმართულებით.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, არცახის რესპუბლიკის ხელისუფლება იღებს რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
1. მთიან ყარაბაღში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობის შუამავლობით მიღწეული იქნა შეთანხმება საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტის შესახებ 2023 წლის 20 სექტემბრის 13:00 საათიდან.
2. მიღწეული იქნა შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დანაყოფებისა და სამხედრო პერსონალის რუსული სამშვიდობო კონტინგენტის განლაგების ზონიდან გაყვანის და მთიანი ყარაბაღის თავდაცვის შეიარაღებული ფორმირებების დაშლისა და სრული განიარაღების და მძიმე ტექნიკისა და იარაღის სწრაფი უტილიზაციის მიზნით მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან მისი გატანის შესახებ.
3. მიღწეული შეთანხმებით, ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება ქალაქ ევლახში 2023 წლის 21 სექტემბერს და შემდგომ შეხვედრებზე, აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში, განიხილება აზერბაიჯანული მხარის მიერ წამოჭრილი რეინტეგრაციის, მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის საარსებო წყაროს უზრუნველყოფის საკითხები", - ნათქვამია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციის მიერ სომხეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ განცხადებაში