4 აპრილი წმინდა ლაზარეს შაბათია.
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის „ლაზარეს შაბათი“, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებას (იოანე 11. 1-45).
წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. “ლაზარე” ებრაული სახელია და ქართულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.
ლაზარე ოცდაათი წლის იყო-თითქმის თანატოლი მაცხოვრისა. ერთხელ იესოს მოუტანეს ამბავი, რომ მისი მეგობარი შეუძლოდ იყო. იგი წავიდა ბეთანიაში და როცა მივიდა, ლაზარე უკვე ოთხი დღის დამარხული დაუხვდა. დები მგლოვარედ იყვნენ. იესომ ამოიოხრა და ითხოვა, საფლავთან მიმიყვანეთო. იქ მას ცრემლი მოერია. დები შესტიროდნენ მას, აქ რომ ყოფილიყავი, ჩვენი ძმა არ მოკვდებოდაო. იესოს საფლავთან (ებარელები მიწაში კი არ ასაფლავებდნენ მიცვალებულს, არამედ კლდის გამოქვაბულში შეასვენებდნენ ხოლმე. ასე დაკრძალეს შემდგომ მაცხოვარიც) მივიდა და დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ! და ლაზარე-ქრისტეს საყვარელი მეგობარი აღდგა.
***
ლაზარეს აღდგომის შემდეგ, ვინც ეს სასწაული ნახა, ბევრმა იწამა იესო ქრისტე. ამიტომ მაცხოვრის მტრებმა ლაზარესადმი გულში ძვირი ჩაიდეს. უფლის აღდგომის შემდეგ, როცა დაიწყეს მისი მოწაფეების დევნა, ლაზარე პალესტინიდან კვიპროსის ქალაქ კიტიოში გაემგზავრა. აქ ის პავლე მოციქულს შეხვდა, რომელმაც ქალაქის პირველ ეპისკოპოსად დაადგინა. მთელი დარჩენილი სიცოცხლე მან ამ ქალაქში გაატარა, მიუძღოდა რა ადამიანებს უფლის გზაზე. გარდაიცვალა იგი 60 წლის ასაკში. მის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა: "ლაზარე, ქრისტეს მეგობარი, ოთხი დღის შემდეგ მკვდრეთით აღმდგარი".
საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი ხსნილია თევზით.
ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება.




