თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი დაშოშმინება მანდატურებსა და ადვოკატებს მოუხდათ.
„ამ მოღალატესთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. ეს არის რუსეთის, პუტინის მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემ გასაჩუმებლად. აქ მიდგას რუსი, ჩვენებას აძლევს ჩემ წინააღმდეგ, ივანიშვილი რუსი მასამართლებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელთან ცხარე კამათის შემდეგ და პროცესი დატოვა.
დაპირისპირება გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ, რომ ნოღაიდელი პუტინს ომის შემდეგ შეხვდა, თავი დაუხარა და ბოდიში მოუხადა. სააკაშვილის ამ განცხადებას ნოღაიდელის მწვავე რეაქცია მოჰყვა და მათი სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთი გრძელდებოდა.
პროცესზე ნოღაიდელმა ჩვენებაში თქვა, რომ 7 ნოემბერს საჯარისო ნაწილები იყვნენ მობილიზებული და ეს სააკაშვილის გადაწყვეტილების გარეშე არ მოხდებოდა.
„დღესავით ნათელია, რომ ესაა თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ შეთითხნილი ბრალი. არ ვადასტურებ, რომ ჯარი ქუჩაში წესრიგის აღსადგენად იყო, თითი არ გაუნძრევია ჯარს, ეს მტრისათვის საჩვენებლად იყო, რომ საქართველოს ჰყავს ჯარი და თავის დაცვა შეუძლია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელის საპასუხოდ.
პროკურორმა დაუსვა კითხვა ნოღაიდელს, იცოდა თუ არა შს სამინისტროში 4 ნოემბერს გამართულ თათბირზე, რაზეც ნოღაიდელმა უპასუხა, რომ 4 ნოემბერს შსს-ში თათბირზე ვერ იქნებოდა, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა 7 ნოემბრამდე და თათბირთან დაკავშირებით ინფორმაცია ვასილ მაღლაფერიძის განცხადებიდან მიიღო.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა ნოღაიდელს, „4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით რატომ აძლევდა სასამართლოს ჩვენებას მტკიცებით ფორმაში ვასილ მაღლაფერიძის მონაყოლზე დაყრდნობით“.
„4 ნოემბრის საქმეზე მე არაფერი ვიციო. ვასილ მაღლაფერიძემ გითხრა და შენ, როგორც ფაქტს, ჰყვები. არ გაუჭირდებოდა ამის ჩაწერა ვასილს, სადაა ამის აუდიო ჩანაწერი, აქვს ვასილ მაღლაფერიძეს?“ – მიმართა სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელს, რაზეც ნოღაიდელმა უპასუხა, რომ სასამართლო გაარკვევს, აქვს თუ არა მაღლაფერიძეს აუდიოჩანაწერი.
სააკაშვილმა ნოღაიდელს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა: „ვასილ მაღლაფერიძე არსებულ ვითარებაზე გამოხატავდა უკმაყოფილებას, იყო ოპოზიციურ განწყობაზე. იცი თუ არა ეს?“
ზურაბ ნოღაიდელის თქმით, „ვასილ მაღლაფერიძეს შექმნილ მდგომარეობაზე, კრიტიკულთან ერთად, დადებითი შეხედულებებიც ჰქონდა“.
სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა პატარკაციშვილის რუსეთთან კავშირზე და აღნიშნა: „2007 წლის ნოემბერში ფედერალურმა სამსახურმა მოგვწერა, რომ თბილისში აპირებდნენ არეულობას. ფედერალური ბიუროს ინფორმაცია იყო. იცოდი, რომ პატარკაციშვილი რუსეთთან იყო დაკავშირებული?“ ნოღაიდელმა კი უპასუხა: „ფული იქ იშოვა, მაგრამ მერე აღარ იყო მჭიდროდ დაკავშირებული“.
მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ კითხვაზე, იცოდი თუ არა, რომ პატარკაციშვილს „ფეესბესთან“ ჰქონდა კავშირი, ნოღაიდელმა განაცხადა: რატომ იყო თბილისში, „ფეესბეს“ აგენტი თუ იყო? „ფეესბეს“ პოლკოვნიკი თუ იყო, რატომ არ დაიჭირეთ?“
მიხეილ სააკაშვილმა ნოღაიდელს მიმართა: „ის იცი, რომ პუტინთან იყავი?“ ნოღაიდელმა კი უპასუხა: „იმიტომ, რომ ურთიერთობები მოგვეწესრიგებინა“. აღნიშნულის შემდეგ სააკაშვილმა ნოღაიდელს კვლავ მიმართა: „ეკაჩავე?“ „ებლატავე?“ პუტინთან ჩავიდა ეს მოღალატე. უღალატა საქართველოს, დაასმინა და მოიხადა ბოდიში. ასეთი ხალხია ახლა ხელისუფლებაში, ასეთმა ხალხმა გაყიდა საქართველო. ამ კაცმა პუტინთან მოიხარა თავი“. სასამართლო დარბაზში დამსწრეების მხრიდან ისმოდა შეძახილები ზურაბ ნოღაიდელის მისამართით: „პუტინის მონა!“
შეგახსენებთ, საუბარია 2007 წლის 4 ნოემბერს მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან გამართულ თათბირზე, რომელსაც ესწრებოდა მცხეთა-მთიანეთის მხარის მაშინდელი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძეც. თათბირზე საუბარი შეეხებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევას.




