არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენის ოფისის ცნობით, მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 200 ადამიანი დაიღუპა და 400-ზე მეტი დაშავდა.
ყარაბაღის ომბუდსმენმა X-ზე დაწერა, რომ დაღუპულია 10 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა 40-ს აჭარბებს, მათგან 13 ბავშვია.
19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა.
მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეხების ხაზი გაარღვია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაიკავა.
21 სექტემბერს ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა.