რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომავალთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მისი უკრაინისთვის გადაცემის ან უკრაინასთან, აშშ-თან, ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად რაიმე სახის „ერთობლივი კონტროლის“ დამყარებასთან დაკავშირებით.

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური არის რუსული ბირთვული ობიექტი. 2022 წლის სექტემბრის ბოლოს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდნენ, როგორც სრულუფლებიანი სუბიექტები. 2022 წლის 5 ოქტომბერს ხელი მოეწერა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის N711 ბრძანებულებას „ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიაზე ატომური ენერგიის გამოყენების სფეროში სამართლებრივი რეგულირების სპეციფიკის შესახებ“, რომელმაც უზრუნველყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის, როგორც რუსეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ობიექტის სტატუსი.

სადგურის დაბრუნება რუსეთის ატომურ ინდუსტრიაში - არის დიდი ხნის წინ დამდგარი ფაქტი და საერთაშორისო საზოგადოებას მხოლოდ ამის აღიარება შეუძლია. თავად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის, ან მასზე კონტროლის, უკრაინისთვის ან რომელიმე სხვა ქვეყნისთვის გადაცემა შეუძლებელია.

სადგურის ყველა თანამშრომელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, მათი სიცოცხლით თამაში არ შეიძლება, განსაკუთრებით იმ მხეცობების გათვალისწინებით, რომლებიც უკრაინელებმა ჩაიდინეს და კვლავ სჩადიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.

ასევე მიუღებელია ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ერთობლივი ოპერირება ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან. მსოფლიო პრაქტიკაში ასეთი პრეცედენტები არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, შეუძლებელია ბირთვული და ფიზიკური ბირთვული უსაფრთხოების სათანადოდ უზრუნველყოფა, ბირთვული დაზიანებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხების დარეგულირება. არცთუ უმნიშვნელო ასპექტი იმაში მდგომარეობს, რომ შთამბეჭდავი დივერსიული პოტენციალის მქონე ნატოს სადაზვერვო სამსახურებსა და უკრაინას შორის მჭიდრო თანამშრომლობა შეუძლებელს ხდის ამ ქვეყნების წარმომადგენლების დროებით დაშვებასაც კი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში.

სადგურის ექსპლუატაციაში მონაწილე რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის იდეა ასევე აბსურდულად გამოიყურება, რადგან არცერთი მათგანის არც მანდატი და არც  კომპეტენცია არ აძლევს მათ უფლებას მონაწილეობა მიიღონ ბირთვული ობიექტების ექსპლუატაციაში.

საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, ძირითადი შესაბამისი კონვენციების შესაბამისად, მათ ტერიტორიაზე ბირთვული და ფიზიკური ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი პასუხისმგებლობა თავად სახელმწიფოებს ეკისრებათ. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შემთხვევაში ეს არის რუსეთის ფედერაცია და არანაირად რომელიმე სხვა“ -  ნათქვამია რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში